ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი, ანასტასია გუბანოვა გახდა, _ ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
“ისტორიული შედეგი – ანასტასია გუბანოვა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია.
საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში ისტორია დაწერა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულია ოქროს მედალი. წარმატების შემოქმედი კი არის ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ფინეთის ესპოოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
გუბანოვამ სამედლო განაცხადი მოკლე, სავალდებულო პროგრამაში პირველობით გააკეთა, დღეს კი თავისუფალ სრიალშიც საუკეთესო შეფასება (130 ქულა) დაიმსახურა და ჩემპიონობა იზეიმა.
ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგებად ითვლებოდა ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაოს (2010, 2012) და მორის ყვითელაშვილის (2020) ასევე ბრინჯაოს მედლები. ასე რომ, საჩემპიონო ყულაბას ახლა უკვე ოქროს მედალიც შეემატა.