დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ტრადიციულად თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.
თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ოთარ მელიას გადავცემ, რომელიც ჩვენს მკითხველს ერთ უჩვეულო „კრიმინალურ“ ისტორიას მოუყვება.
„ეს უჩვეულო კურიოზი გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხდა მოსკოვის ერთ-ერთ საიუველირო ფაბრიკაში, სადაც ძვირფასი ქვებისგან სხვადასხვა სამკაულებს ამზადებდნენ და ოქროსა და პლატინის ჩარჩოებში სვამდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს „მურში“ ფაბრიკის დირექტორი მოვიდა და განაცხადა, რომ 8 საამქროდან, სადაც კოლიეებს ამზადებდნენ, 9 ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტის თვალი დაიკარგა, რომელთა საერთო ღირებულება 120 ათასი მანეთი იყო. მოკვლევამ უჩვენა, რომ ფაბრიკის თანამშრომლების მიერ ქურდობის ფაქტი გამორიცხული იყო, რადგან მათ ყოველი გამოსვლისას საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. ქვებს ვერც საამქროში დამალავდნენ, რადგან მილიციამ ყველაფერი გადაჩხრიკა და ვერაფერი აღმოაჩინა.
ერთი სიტყვით, გამოძიება ჩიხში მოექცა, რადგან ვერც თანამშრომლების საგულდაგულო დაკითხვამ გამოიღო შედეგი. არადა, ქვები დაკარგული იყო, ქურდი რეალურად არსებობდა და საჭირო იყო მოგვეძებნა. ის ცხრა ცალი ქვა გვერდიგვერდ მდებარე ორი მაგიდიდან დაიკარგა. ერთ-ერთ მათგანთან ვინმე იური ლისოვი მუშაობდა, მეორესთან კი – ისააკ როტმანი. ორი კვირის მერე ქურდობა განმეორდა და ლისოვისა და როტმანის მაგიდებიდან ისევ ცხრა ცალი სამ-სამ კარატიანი ბრილიანტი დაიკარგა, კვლავ 120 ათასი მანეთის ღირებულებით…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საამქროში ვიდეოკამერები დავაყენეთ და სწორედ იმ დროს ჩავრთეთ, როდესაც ქვები იკარგებოდა, ანუ, მაშინ, როცა საამქროს თანამშრომლები შესვენებაზე გადიოდნენ და საამქრო ცარიელდებოდა.
შესრულდა თუ არა 13 საათი და 15 წუთი, საამქროში ღია ფანჯრიდან საფოსტო მტრედი შეფრინდა. ის პირდაპირ ლისოვისა და როტმანის მაგიდაზე დაფრინდა, სპეციალურად ღიად დატოვებულ ვიტრინაში ჩაძვრა, ბრილიანტები აკენკა და ისევ უკან გაფრინდა. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო: წინასწარ მობილიზებულმა ოპერატიულმა ტექნიკურმა ჯგუფმა მტრედის მარშრუტს მისდია და ქურდმა ფრინველმა ისინი ისააკ როტმანის სახლში მიიყვანა. როტმანს მტრედი მზესუმზირის სუნზე ჰყოლია დაგეშილი“.
ჩვენი მომდევნო სტუმარი პოდპოლკოვნიკი ლევან სისორდია იქნება.
„ლენინგრადში იურიდიულზე ვსწავლობდი დაუსწრებლად, პარალელურად კი იქვე ქალაქის ციხეში ვმუშაობდი ზედამხედველად. 21 წლის ვიყავი, უცოლო და ერთ ქვრივ ქალთან ვათენებდი ხოლმე ღამეს, რომელთანაც სიყვარულიც მქონდა… ქვრივ ქალს ძალიან ვუყვარდი, მივლიდა, მპატრონობდა და ეჭვიანობდა კიდეც. ამიტომ ხშირად მირეკავდა ხოლმე სამსახურში, მაგრამ არ იცოდა, რომ ციხეში ვმუშაობდი, რადგან ამის გამხელა მრცხვენოდა და ვეუბნებოდი, მხაზველად ვმუშაობ-მეთქი. სამსახურშიც ყველა გაფრთხილებული მყავდა და კლარა რომ დარეკავდა, ასე დამიძახებდნენ ხოლმე მის გასაგონად: „მოდი, დომიკო, ტელეფონთან, მაგ პროექტს მერე დახაზავ, კლარა პეტროვნა გეძახისო…“ ერთი სიტყვით, კლარა პეტროვნა ყურადღებას არ მაკლებდა.
ერთ მშვენიერ დღეს ციხიდან რეციდივისტი პავლე მამონტოვი, მეტსახელად „მამონტი“ გაიქცა. ეს ყველაფერი ჩემს ცვლაში მოხდა. მართალია, სხვისი უბანი იყო, მაგრამ მაინც შეშინებული ვიყავი. ამ დროს დამიძახეს, კლარა პეტროვნა გირეკავსო და, ყურმილი რომ ავიღე, მან მითხრა:
– დომიჩკა, სტუმარი გვყავს, ჩემი შორეული ნათესავი პავლუშა. პროფესიით მსახიობია, გასტროლებზე ჩამოვიდა ჩვენთან. ახლა სტუმრად გვეწვია და მალე მოდიო.
– პროექტს დავასრულებ და მოვალ, – ვუთხარი კლარას და ყურმილი დავკიდე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს 10 საათი სრულდებოდა, სახლში რომ მივედი. ოთახში შევედი და სუფრასთან მჯდომი კაცი დავინახე, რომელიც ბორშჩს შეექცეოდა.
– აი, ძვირფასო, ჩემი პავლუშა, – მითხრა კლარამ და სტუმრისკენ გაიშვირა ხელი, რომელსაც კოვზი ხელიდან გაუვარდა, – ლენინგრადში გასტროლებზე ჩამოვიდა სარატოვიდან და სამი-ოთხი დღე აქ დარჩება.
– ეს ისეთივე მსახიობია, როგორიც მე – მხაზველი, – ვუთხარი კლარას და პისტოლეტი „სტუმარს“ მივუშვირე, რომელიც ციხიდან დილით გაქცეული „მამონტი“ აღმოჩნდა.
გაქცეული ციხეში დავაბრუნე, მაგრამ მე აღარ დავბრუნებულვარ კლარასთან და საცხოვრებლად საერთო საცხოვრებელში გადავედი“.
დღევანდელი „კრიმინალური ისტორიების“ დასასრულს ერთ „უჩვეულო“ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს თანამემამულეს შეემთხვა. გარკვეული მიზეზის გამო ამ ადამიანის ვინაობას საიდუმლოდ შევინახავთ.
„ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გახლავართ, არც არასოდეს ვყოფილვარ „ბრალიანი“ ან რამე დიდი თანამდებობის პირი, უბრალოდ, ახალგაზრდობაში, როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩხიკინი“ მიყვარდა. ჩემს ოთახში ათასი დაშლილი რადიო თუ მაგნიტოფონი მეყარა. ხან რას ვაწყობდი, ხან – რას. ჩემს დაბა შორაპანში პირველი „რადიოხულიგანი“ გახლდით.
70-იანი წლები გახსოვთ ალბათ. მაშინ ჯარში ყველა მიდიოდა და მეც მომაკითხეს. კაი სუფრით გამაცილა ოჯახმა და თავი რუსეთში ამოვყავი „სვიაზისტად“. ყველაფერი საიდუმლო იყო. მე 51-ე ვიყავი. ყველას ნომრებით ვიცნობდი. მქონდა ჩემი ოთახი და ის ადგილი, სადაც ვმუშაობდი.
ორი წლის შემდეგ უფროსმა ოფიცერმა დამიძახა და მკითხა, შვებულება არ გინდაო? როგორ არა-მეთქი, ვუპასუხე და გამოვტრიალდი. მან მკითხა, სად მიდიხარო. მეც ვუპასუხე, – ბარგის ჩასალაგებლად-მეთქი. ასე არ მითხარით, შვებულებაში გიშვებთო?! მას გაეცინა და მითხრა, შვებულებით სახლში კი არ გიშვებთ, უბრალოდ, მაღლა აგიყვანთ, გემზე, სამი კვირით. სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ, სამუშაოდან დაისვენებო. მაშინაც მკაცრად გამაფრთხილეს, ზევით კაციშვილს არ უნდა უთხრა, სად მსახურობ ან რას აკეთებო.
მოკლედ, ის შვებულებაც და კიდევ ერთი წელი იქ ვიმსახურე. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნები ასეთი საიდუმლო სამსახურიდან სახლში დაბრუნებული, როცა ყველა ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი გეკითხება, სად იყავი, რას აკეთებდიო. მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, მით უმეტეს, რომ სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მოსკოვში პოლკოვნიკი დაგვხვდა და გაგვაფრთხილა საიდუმლოს არგამხელის შესახებ. ეს კია, რაღაც ნომერი მომცეს, თუ რამე დაგჭირდეს, ამ ნომერზე დაგვირეკე, იმ შემთხვევაში, თუ კოდური სიტყვა „ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“ ნომერი ესა და ეს“ არ გაითვალისწინესო.
ჩამოვედი თუ არა, ელემენტების ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ცოლიც მოვიყვანე, მშვიდობიანად ვცხოვრობდი ჩემთვის და არც რამე პრობლემა მქონია, რომ კოდი გამომეყენებინა. მერე ჩვენთან ახალი უბნის ინსპექტორი დანიშნეს. არ ვიცი, ვინ რა უთხრა ჩემზე, მაგრამ რატომღაც, გადამეკიდა. სადაც შემხვდებოდა, თითს მიქნევდა – დაიცა, შენ რა გიყოო.
ერთხელ „ზაკაზად“ შევხვდი. ვუთხარი, რა გინდა, ერთი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ-მეთქი. მან მიპასუხა, მე ყველაფერი ვიცი, შენი წარსულიც და აწმყოც. მოვა მაგის დრო და, ხელბორკილებს რომ დაგადებ, მერე გეტყვი, რაც მინდაო. მოკლედ, ბოლოს უკვე, რომ ჩაივლიდა და დამინახავდა, ხალხშიც მეძახდა, – შენ თუ არ დაგიჭიროო.
ბოლოს და ბოლოს, ყელში ამომივიდა, კარგად გამოვეწყვე, ზესტაფონის პოლიციის უფროსთან შევედი და ის კოდური სიტყვა ვუთხარი: „მე ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“, ეს ნომერი ვარ-მეთქი“ კაცი სავარძლიდან წამოხტა – აბა, რამ შეგაწუხათ, რა პრობლემა გაქვთო. მეც ძალა ვიგრძენი და ვუთხარი, ეს თქვენი ახალი ინსპექტორი გადამეკიდა და თქვენ თუ არ მომაშორებთ თავიდან იძულებული ვიქნები, ამ ნომერზე დავრეკო-მეთქი და ნომერიც წინ დავუდე. მილიციის უფროსი გაგიჟდა: რას ბრძანებთ, ბატონო, იქ დარეკვა რად გინდათ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებო. იმ წამს დარეკა, ახლავე მომიყვანეთ ესა და ეს ინსპექტორიო. სულ ორი წუთი მომიწია ცდა. შემოსვლისას, დამინახა თუ არა, გაეცინა და გამომძახა – ჰო ვიცოდი, მე თუ არა, სხვა მაინც მოგიყვანდა აქო. ამაზე უფროსი წამოუხტა: ვის ეუბნები მაგას! ახლავე განცხადება დაწერე და გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ინსპექტორი გაშავდა, ენა დაება, ვერც განძრევა მოახერხა, ვერც დაჯდომა. უფროსი კი ლანძღავდა – ეს უპატიოსნესი მოქალაქე როგორ გამინაწყენეო. უცებ ავდექი და უფროსს ვუთხარი, არ მინდა ამ კაცის გათავისუფლება, ოღონდ მე შემეშვას-მეთქი.
მოკლედ, ისევ მე დავტოვე სამსახურში. ამის მერე, თუ სადმე დამინახავდა, მართლაც გამეცლებოდა ხოლმე, რამდენჯერ ქუჩიდან მეორე მხარეს გადასულა. ერთხელ ქეიფში შევხვდით და, უკვე შეზარხოშებული რომ ვიყავით ყველანი, გვერდით მომიჯდა და მითხრა: ერთი ის ვიცი, რომ ვანო ხარ, შორაპანში ცხოვრობ, აქ უცხოვრია შენს გვარსა და ჯიშს, აქ გიმუშავია და, თუ რამე გიკეთებია, აქ გიკეთებია… მეტი ვინ ხარ ასეთი, ერთი ეს მითხარი, თუ ძმა ხარო. ჯერ შიშით რას ვეტყოდი, მეორეც, თვითონაც არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და მისთვის რა უნდა მეთქვა“.
ავტორი