ხვალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სამ მათგანს მედლის მოპოვების შანსი ექნება.
საქართველოს დროით დილის 04:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ნინო სალუქვაძე. რომელმაც 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში დღეს კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე კარგად იასპარეზა და 44 სპორცმენს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. ხვალ დილას გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ნაწილი, ანალოგიური სისტემით, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ფინალისტები, სადაც 8 საუკეთესო სპორტსმენი იასპარეზებს. ხვალვე გათამაშდება მედლებიც.
ტრადიციულად, დილის 06:00-ზე დაიწყება ძიუდოს ტურნირი ბოლო, მძიმე, წონაში. სადაც საქართველოს სახელს გურამ თუშიშვილი დაიცავს. თუ საშეჯიბრო დღის პირველი სესია სენსაციების გარეშე ჩაივლის, დიდი ალბათობით გურამი ლეგენდარულ ფრანგ, ტედი რინერს უნდა დაეჭიდოს ფინალის საგზურისთვის.
13:51 საათიდან რინგზე გამოვა ქართველი მოკრივე, ესკერხან მადიევი. რომელსაც ერთი ბრძოლის მოგება აშორებს ოლიმპიური მედლის განაღდებამდე. 23 წლის ახალგაზრდა ქართველ სპორცმენს 1/4 ფინალში ვეტერანი და ტიტულოვანი რუსი, ანდრეი ზამკოვი დაუპირისპირდება. თუმცა მადიევის კარგი ფორმის გათვალისწინებით ის უშანსოდ ნამდვილად არ იქნება.
ქართული დელეგაციის გამოსვლას, ხვალინდელ დღეს, დაასრულებს 26 წლის მძლეოსანი, ბირთვის მსროლელი, სოფიო შათირიშვილი. ის 14:25 საათიდან ჩაერთვება B ჯგუფის კვალიფიკაციაში. მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 18.74 აქვს, დიდი ალბათობით ამ მაჩვენებლით ფინალურ სესიაში მოხვედრა გაუჭირდება.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს და იმედია ხვალ კიდევ დაემატება მედლები ჩვენი ოლიმპიური გუნდის ყულაბაში. ამ წუთის მონაცემებით საერთო ჩათვლაში საქართველო 23-ე ადგილს იკავებს.
[sexy_author_bio]