სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით:
“სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ტყვიის მსროლელებს სლოვენიაში გამართულ „გრან-პრის” ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვება უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ტყვიის სროლის განვითარებასა და ამ სახეობაში დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლების მფლობელი ნინო სალუქვაძე.
სლოვენიაში გამართულ „გრან-პრიზე” ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. პირად პირველობაში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ჩემპიონობა იზეიმა სალომე ფროდიაშვილმა (235,4 ქულა), ვერცხლის მედალი გიორგი მუმლაძემ (236,5 ქულა) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი – მარიამ აბრამიშვილმა (210,9 ქულა). უფროსებს შორის მარიამ ფროდიაშვილმა (237,4 ქულა) ვერცხლის, ხოლო მარიამ მარშავამ (213,1 ქულა) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა სალომე ფროდიაშვილისა და გიორგი მუმლაძის წყვილმა. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა წყვილმა მოლდოველთა დუეტი ანგარიშით 17:13 დაამარცხა. უფროსებს შორის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა მარიამ მარშავასა და ლევან ქადაგიძის წყვილი, რომელთაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელებს ანგარიშით 16:10 სძლიეს.
აღსანიშნავია, რომ „გრან-პრის” შემდეგ ქართველმა ტყვიის მსროლელებმა გერმანიაში „H&N თასზე” იასპარეზეს. პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ჩემპიონატზე ვერცხლი მარიამ ფროდიაშვილმა მოიპოვა. ქართველი სპორტსმენები სლოვენიასა და გერმანიაში გამართულ ტურნირებზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
„გრან-პრიზე” მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ტყვიის მსროლელებმა ხელი მოაწერეს ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებასა და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს”.