ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვიცე-ჩემპიონები ზედიზედ მეორედ ილია სულამანიძე (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ლაშა ბექაურმა კი კონტინენტის პირველობაზე კარიერაში პირველი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული შვიდი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კონტინენტის პირველობა 28 აპრილს გუნდური ტურნირით დასრულდება.