საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო, 9 223 ლარის ფიქტიური აქტივი ბრალდებულების მიერ იქნა თაღლითური გზით დაუფლებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.