„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ დირექტორმა, გრიგოლ მახარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, სადაც ასახულია „ორბის“ მანქანა და ახალდადგმული ჯიხური იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია სასტუმროს მშენებლობას იწყებს.
როგორც ცნობილია, სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი „ორბის“ მიერ დაანონსებული სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგია.
აღნიშნულ კომპანიას სასტუმროს მშენებლობა წელს, მაისში უნდა დაეწყო, მაგრამ იქ ამ დრომდე არანაირი მშენებლობა არ დაწყებულა.
„გურია ნიუსი“ გრიგოლ მახარაძეს დაუკავშირდა. მახარაძის თქმით, ჯერჯერობით, მშენებლობა დაწყებული არ არის. ტერიტორიაზე დგას მხოლოდ სამშენებლო ჯიხური და განთავსებულია საინფორმაციო დაფა.
„ ყურადღებით ვაკვირდები ნებისმიერ სიახლეს ამ ტერიტორიაზე. როგორც მოქალაქე, ვეწინააღმდეგები ბახმაროში ამ ტიპის რკინა-ბეტონის კორპუსის მშენებლობას, თავის დროზე, 5 წლის წინ, ასევე ვაპროტესტებდი კომპანიისთვის ლარად 5 ჰექტარი ტერიტორიის გადაცემას. ბახმაროს სჭირდება საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება, მაგრამ ასეთი კორპუსების მშენებლობა ბახმაროს განვითარების შანსს მოუსპობს“, _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ.
“გუშინ ბახმაროში ორბის სამშენებლო ჯიხური დადგეს, სურებში და შემოქმედში სექტემბერში ჰესის მშენებლობის განხილვა ჩანიშნეს. არჩევნებამდეც არ იცდიან“, _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ვახუშტი მენაბდე.
ჩვენ, ვეცადეთ მოგვეპოვებინა „ორბის“ წარმომადგენლებისგან კომენტარი, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ფოტოები: გრიგოლ მახარაძე