ალბათ, არავისთვის ახალი არ არის ის ფაქტი, რომ ყურძენი ერთ–ერთი ყველაზე კალორიული ხილია, თანაც, შაქრით გაჯერებული. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მას დიეტისთვის იყენებენ. ცხადია, ეს დიეტა არ ეხება მათ, ვისაც ოდნავი მიდრეკილება მაინც აქვს დიაბეტისა და ჰიპერტონიისკენ.
სანამ ყურძნის დიეტას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ ერთი რამ: ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ეგრეთ წოდებულ „ადესას“. უმჯობესია, მოიმარაგოთ „ალადასტური“, „საფერავი“, „თითა“ ან „რქაწითელი“.
თუ სხვადასხვა მიზეზის გამო აკრძალული არ გაქვთ ყურძენი, შეგიძლიათ, თამამად გააკეთოთ 3-დღიანი დიეტა, რომელსაც გთავაზობთ. 3-3 დღის შუალედით კი ისევ გაიმეოროთ (ანუ, ჯამში 9 დღე უნდა გამოვიდეს). შემდეგ ერთი თვე დაისვენეთ და (თუ, რა თქმა უნდა, გჭირდებათ) ისევ გაიმეორეთ.
თუ ამ დიეტას ზუსტად დაიცავთ, ყოველგვარი „შევსება–დანამატების“ გარეშე, 3 დღეში 2 კილოგრამის დაკლება გარანტირებული გაქვთ. გარდა ამისა, ორგანიზმი წიდებისგანაც გაგეწმინდებათ და ენერგიითაც აივსებით.
პირველ დღეს უნდა მიირთვათ ნახევარი კილოგრამი ყურძენი (ჩენჩო და წიპწები არ გადაყლაპოთ);
მეორე დღეს – 1,5 კილოგრამი;
მესამე დღეს – 2 კილოგრამი.
ყოველი დღის ულუფა დაანაწილეთ, დაყავით 5-6 თანაბარ ნაწილად. ასევე, თანაბარ შუალედებად დაანაწილეთ დღე და ყოველ მონიშნულ საათზე მიირთვით ყურძნის თითო ულუფა. მოწყურების შემთხვევაში, 15 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ დააყოლოთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი.
ბოლო ულუფა შეგიძლიათ, გამოწუროთ და წვენის სახით მიირთვათ.