როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ერთიანი ძალებით უნდა გაიმარჯვონ.
„ბოლო პერიოდში სულ ერთიანობაზეა საუბარი, მიზანი საერთო გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, განვითარების გზას დავადგეთ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა ადამიანებს არ იჭერდნენ, უბრალოდ იმიტომ რომ არ მოსწონთ; გვინდა, წინ წავიდეთ, გვინდა ჩვენი ქვეყნით ვიამაყოთ, დავოსში გვინდა ვიყო წარმოდგენილები, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. როდესაც მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ რა გვჭირდება? მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება, ამიტომ გვინდა ერთიანობა. სათავეში ხალხი უდგას. ზურას და ჩემი მოსაზრებები დიდი ხანია ერთმანეთს ემთხვევა, კარგია რომ გზა გაკაფა სანამ მე გამოვედი. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ პირველ რიგში ზურას დაველაპარაკო და სხვებს.
პარტიების გაერთიანება ერთია, შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფები, ახალი საინტერესო კვალიფიციური პროფესიონალები, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ მათ შორის ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიხალასე, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. ყველას უნდა დაველაპარაკოთ, მე პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ, ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებებიდან თავისუფლების სხივი გამოდის.
„მინდა ყველა პატიმარს თავისუფლება ვუსურვო. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ყველა პატიმარს. რაღაც საოცარი თავისუფლების მუხტი, ჟინი, შემართება მოდის. ისეთი თავისუფლების სხივი გამოდის საპატიმრო დაწესებულებებიდან, ბოდიში რაზე უნდა მოიხადონ?! სამშობლო რომ უყვართ? საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია რომ უნდათ? ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, ხალხო. დაგვძაბეს, დაგვზაფრეს, გადაგვკიდეს. არ მინდა ეს! მინდა, რომ ერთად, ნორმალურად ვიცხოვროთ. გვაქვს განსხვავებული აზრი, კი ბატონო, ვიკამათოთ, მაგრამ იმაზე ვიკამათოთ ვინ მეტ ინვესტიციას შემოიტანს, ვინ უკეთეს დემოკრატიას ააშენებს და ვინ უფრო თავისუფალ სასამართლოს გააკეთებს და არა იმაზე, რომ შენ ცუდი ხარ, მე კარგი ვარ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც ვეუბნები, რომ თქვენც კარგები ხართ. თქვენთანაც გვინდა საუბარი, ერი რომ გაერთიანდეს და ყველანი ერთად წავიდეთ მედგრად წინ“,- განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე, პროტესტში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა, ვინც პროტესტში მონაწილეობს. ძალიან მაგრები და ძლიერები ხართ. ერთად გავიმარჯვებთ. ძალიან ოპტიმისტურად ვუბრუნდები აქტიურ მოქმედებებს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

































































