მარკ ცუკერბერგი
„ფეისბუქის” დამაარსებელი და 13,3-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი მარკ ცუკერბერგი ცნობილია თავისი ცივსისხლიანობით, კერძოდ, მილიარდერი მხოლოდ იმ ცხოველების ხორცს მოიხმარს საკვებად, რომლებსაც თავად კლავს. მისი ამ „გატაცების” შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა, როდესაც ცუკერბერგმა გამოაქვეყნა სტატუსი: „ამ წამს დავკალი თხა და ბურვაკი”.
კლაივ პალმერი
მილიარდერ კლაივ პალმერს რამდენიმე წელია, თავში ერთი იდეა უტრიალებს – ის დინოზავრების „გაცოცხლებას” აპირებს. კლონირების ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად, მას ნამდვილი „იურიული პერიოდის პარკის” გახსნა აქვს გადაწყვეტილი. ჯერჯერობით ტირანოზავრების და სხვა სახეობის დინოზავრების კლონირება წარუმატებლად ხორციელდება და პალმერი მხოლოდ მექანიკური დინოზავრების შექმნით კმაყოფილდება.
ნიკოლას ბერგრიუენი
საინვესტიციო კომპანია „ბერგრიუენ ჰოლდინგსის” მფლობელი, ნიკოლას ბერგრიუენი, 2-მილიარდიან კაპიტალს ფლობს, თუმცა ეს მას ხელს „არ უშლის” რომ „ბომჟი” იყოს – ნიკოლასს არ აქვს საკუთარი სახლი და ძვირად ღირებულ სასტუმროებში ცხოვრობს. ბერგრიუენმა თავისი უძრავი ქონება გაასხვისა და ამჟამად მსოფლიოში მოგზაურობს. მისი ნახვა ოფისშიც კი დიდი იშვიათობაა.
ლეონა ჰელმსლი
მილიარდერმა ლეონა ჰელმსლიმ, სასტუმროების ქსელ „ჰელმსლი ჰოტელსის” მფლობელმა, თავისი დიდძალი ქონება ანდერძით დაუტოვა თავის ძაღლს – მინიატურული ჯიშის მალტიურ „ბალონკას,” რომელსაც ტრაბლი ჰქვია. ლეონას ნათესავების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სასამართლოს გზით ძაღლისგან მათ ქონების ნაწილის გამოხსნა მაინც მოახერხეს.
რიჩარდ ბრენსონი
ბრიტანელი რიჩარდ ბრენსონი, კორპორაცია „ვირჯინის” მფლობელი, დიდი ხანია, ერთ–ერთი ყველაზე უცნაური და ექსცენტრიკული მილიარდერის სახელით არის ცნობილი. მისი ბოლო „გამოხტომებიდან” კი აღსანიშნავია სტიუარდესად გადაცმა და თვითმფრინავის მგზავრების მომსახურება. ცნობისთვის, სტიუარდესობა ბრენსონმა ნიძლავში წააგო. ასეთ ნიძლავებს კი მხოლოდ თავზეხელაღებული მილიარდერები დებენ.
ავტორი