ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე, თათია გაბუნია ქალთა ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ საფეხბურთო კლუბის გვერდზე ვრცელდება.
თათია ჩოხატაურელია. 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ მაშინ შეამჩნიეს, საიდანაც მოხვდა “ლანჩხუთში“, შემდეგ კი _ საქართველოს ნაკრებში.
თათიას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი „ლანჩხუთში“ აქვს გატარებული, მცირე ხნით, ასევე, თამაშობდა თურქულ AMED SKF-ში.
თათიამ სახელი გაითქვა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა შვედურ „როზენგარდთან“ გამართულ ორ შეხვედრაში 39 „სეივი“ დააგროვა. 2020 წელს, „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ჯგუფური ეტაპიდან გააღწია.
ინფორმაციისთვის, დღეს პარაგრაფ თბილისი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიება იმართება, სადაც განვლილი სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ.
ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ქალთა ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ხოლო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გამოავლინეს.
კლუბების გარდა, ხმის მიცემაში ქართველი გულშემატკივარი მონაწილეობდა, რომელსაც საკუთარი აზრის დაფიქსირება სპეციალურად შექმნილ გამოკითხვაში შეეძლო.



































































