“გვქონდა ერთგვარი პირველადი განხილვა უმრავლესობაში. არიან დეპუტატები, რომლებიც მხარს არ უჭერენ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. თუმცა, ჩვენ, ხელმძღვანელობას ჩვენი პოზიცია გვაქვს ჩამოყალიბებული და ვფიქრობთ, რომ არსებული შერეული სისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიცავს საფრთხეებს,” _ განაცხადა მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმების საკითხზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ G-news TV-ის გადაცემა „კვირის თემაში“ საუბრისას.
_ გვახსოვს რა ნეგატიური შედეგები მოიტანა გასული წლების განმავლობაში ამ სისტემამ. ჯერ „მოქალაქეთა კავშირმა“, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ სისტემით მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვადასხვა დროს და მან უზრუნველყო ამ პარტიების მიერ ჯერ ნახევრად ავტორიტარული და მერე ავტორიტარული მართვის ჩამოყალიბება. დღეს ეს პრობლემა არ გვაქვს_ ჩვენ გუნდს არა აქვს მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ, თუმცა, ყველანაირი რისკი უნდა გამოვრიცხოთ და ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შერეული სისტემიდან გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე რაც გამორიცხავს ავტორიტარიზმს. ეს არის მთავარი ამოცანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, _ აღნინა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა:
_ მე ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ის არის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ავტორიტარიზმის ყოველგვარი საფრთხე და ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული სისტემა, _ ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
_ ბატონო ირაკლი, „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა. მანვე ისიც თქვა, რო მაჟორიტარები ფეოდალებივით იქცევიან. საინტერესოა თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას „ოცნების“ მაჟორიტარების შესახებ, იცით თუ არა რა დამოკიდებულება აქვთ მათ ამომრჩეველთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ფეოდალებივით იქცევიან თუ არა?
_ საერთო დამოკიდებულება რაც იყო ადრე, ის რადიკალურად შეცვლილია. გვახსოვს, ადრე, მაჟორიტარები, როგორც ერთგვარი კომისრები ისე გამოდიოდნენ, დავალებებს პირდაპირ აძლევდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, უხეშად ერეოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო. ამ კუთხით ტენდეციები 2012 წლის შემდეგაც შეიმჩნეოდა, თუმცა ამას მოჰყვა იმ დროინდელი პრემიერის ცნობილი გამოსვლა და ამის შემდეგ დისტანციაც გაჩნდა მაჟორიტარებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს შორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოწვევის პირობებში, მოსახლეობასთან ურთიერთობაში უფრო მეტი კომუნიკაცია ფიქსირდება მაჟორიტარების მხრიდან _ რადიკალურად შეცვლილი დადებითისკენ და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, _ აღნიშნავს მთავარი კანონმდებელი.