“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე ჩატარებული წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია. კონკურსის მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი: გელა შათირიშვილი, ბათუმის N6 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლა, მე-8 კლასი
II ადგილი: ნაზ ახმედოვა, მარნეული, სოფ.ზემო სარალის საჯარო სკოლის მე-12 კლასი
III ადგილი: ანამარია შეყილაძე, რუსთავი, #4 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი
ჟიურის რჩეული: ლიზი გადრანი, მესტია, ჭუბერი, სოფელი ქვედაყარი, მე-9 კლასი
მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
გამარჯვებულების გარდა, ჟიურის გადაწყვეტილებით კიდევ რამდენიმე მოსწავლე დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით:
გიორგი ათანელიშვილი, რუსთავი;
ნინი თურაძე, ბათუმი;
ფიდან გალანდაროვა, მარნეული, ზემო სარალი;
ანა ნიჟარაძე, მესტია, ხაიში;
დიანა მიქელაძე, ოზუგეთი, ნასაკირალი.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მწერალი სალომე ბენიძე, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი გოგა ხატიაშვილი.
კონკურსში 120-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით.
წერილების კონკურსი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ საპრიზო ადგილზე გასული დიანა მიქელაძის,
(დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა, მე-10 კლასი) წერილს.
,,ყველაფერი შენს ხელშია!“
ჩვეულებრივი დილა იყო, არაფერი განსაკუთრებული. მამა მაღვიძებს და მეუბნება :
-ლილე, გაიღვიძე, დღეს სკოლაში არ წახვალ, სტუმრები მოვლენ და დედაშენს უნდა დაეხმარო.
მეც, რა თქმა უნდა, დავუჯერე. და აი, მოვიდა დრო სტუმრების მოსვლისა. დედამ საჩქაროდ ოთახში გამიყვანა და გამომპრანჭა, მართალია, თექვსმეტის ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. სტუმრები მოვიდნენ, დედამ გამომიყვანა ოთახიდან და მაგიდასთან ვიღაც უცნობი ბიჭის გვერდით დამსვა. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ბოლოს კი ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ როცა სტუმრები წავიდნენ, მე უკვე თითზე საქორწინო ბეჭედი მეკეთა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა:
-ლილე, შენ რა, თხოვდები? სკოლა? უნივერსიტეტი? და ის სამომავლო გეგმები?
ამ ფიქრებიდან გამორკვევაც ვერ შევძელი, რომ უკვე ცოლის ამპლუაში ვარ.არც კი იცით, თუ როგორი დამღლელია ეს ყველაფერი: დილით ადრე ადგე, დაალაგო, საჭმელი გააკეთო, ქმარი სამსახურში გაუშვა და მის მშობლებს ემსახურო, როგორც მოსამსახურე, რადგანაც ისინი მისი მშობლები არიან. ამასთანავე, ყოველდღე მოდიან ,,სტუმრად“ და შენიშვნებით გავსებენ. მეც, რა თქმა უნდა, ვწუწუნებდი, მაგრამ, როცა მოხდა ის, რასაც არ ველოდი(ის მუდმივად ძალადობდა ჩემზე), მივხვდი, რომ არ უნდა მეწუწუნა იმაზე, რასაც ვერ შევცვლიდი…
ქმარი სამსახურიდან გაუშვეს, ყოველღამე სახლში ნასვამი მოდიოდა და მცემდა. ეს კატასტროფა იყო, კატასტროფა იყო ის, რომ ყოველდღე მიწევდა სახეზე ჩალურჯებების დაფარვა.
გავიდა დრო… მან სადღაც მუშაობა დაიწყო,ყველაფერი თითქოს თავის ადგილს დაუბრუნდა გაგიკვირდებათ და სიყვარულს მეფიცებოდა. ერთხელაც გადავწყვიტეთ, ჩემს მშობლებთან წავსულიყავით, მანქანაში კი შემდეგი დიალოგი გაიმართა:
-გიორგი, შენ რა, მთვრალი ხარ?
მან კი ყვირილით მიპასუხა:
-და რა!? მიკრძალავ!? მიკრძალავ-მეთქი!?
და ის ყვირილს აგრძელებდა, მცირე შელაპარაკება მოგვივიდა, დასარტყმელად გამოიწია…
საჭე ვეღარ დაიმორჩილა და… მოხდა ის, რაც მოხდა…ვხედავ სიბნელეს…
გონს საავადმყოფოში მოვედი, ექიმი შემოვიდა და მეუბნება:
-გამარჯობა, ლილე, შენთვის ცუდი და უარესი ამბები მაქვს, რომლით დავიწყო?
გული ათასწილად გამეპო, სწორედ ახლა მივხვდი, რა განსხვავება იყო ცუდსა და უარესს შორის. მეც ავირჩიე ცუდი და თავი უარესისთვის შევამზადე.
– შენ ვერასდროს ვერ გაივლი…
გონებაში ამ სიტყვებმა ექოსავით გაიელვა და ვერც კი მივხვდი,რა დროს გაიკვალა ჩემს ლოყაზე ცხელმა ცრემლმა გზა. მე კი ვიწექი და, უბრალოდ, ველოდებოდი უარესს, რადგან სხვა არაფერი აღარ დამრჩენოდა. გასაქცევი გზა რომ მქონოდა, მაინც ვერ გავიქცეოდი, რადგან მე ხომ სიარული აღარ შემეძლო.
-შენ აღარასდროს გეყოლება შვილი.
ეს სიტყვები და მე, უბრალოდ, გონებას ვკარგავ…
თუ შენ გეცნობა ჩემი ისტორიიდან ერთი ეპიზოდი მაინც, თუ შენ ამ სიტყვებიდან, ამ ამბიდან ნაწილს შენს ცხოვრებაში ამჩნევ, არ გაჩუმდე, რადგან ბოლოს სამუდამოდ სიჩუმეში მოგიწევს ყოფნა!არ გაჩუმდე! სულ რომ მეტყველების უნარი დაკარგო, ტირილით მიიტანე სათქმელი სხვებამდე. მე გავჩუმდი და ახლა ინვალიდის სავარძელში ვზივარ. ქმარი? ნუ გგონიათ, რომ ვუყვარდი, ისიც ჩემსავით გარიგებით ქორწინების მსხვერპლი იყო და მაშინვე გამშორდა, როცა გაიგო, რომ ინვალიდი გავხდი და ვერც შვილს ვერ გავუჩენდი, მაშინვე გამშორდა, როგორც კი მშობლებმა ამისი ნება დართეს. ახლა მშობლები მივლიან, არ ვიცი, შეიძლება მათთვის ტვირთიც კი ვარ, თუმცა ახლა მე დანებებას აღარ ვაპირებ, თავს აღარანაირ ძალადობასა და უსამართლობას აღარ დავუხრი, რადგან ჩემი ახალი ცხოვრება იწყება ახლა. ვსწავლობ, პარალელურად ვმუშაობ და წლების შემდგ შვილის აყვანასაც ვფიქრობ.არ მეშინია წინააღმდეგობების, რადგან ახლა ძლიერი და გაბედული ვარ. მოგმართავ შენ: თუ ჩათვლი, რომ დასრულდა, დაე, დასრულდეს, ახალი ამბავი დაიწყე, სადაც შენ განკარგავ შენს ცხოვრებას, სადაც შეგიძლია თქვა ,,არა’’ ან თუნდაც ,,არ მინდა’,’ უბრალოდ, ,, არ ვარ ვალდებულიც“ კი და შენ მიხვდები, რამხელა ძალა ჰქონია შენს სიტყვას. არ დაასრულო შენი ცხოვრება, როდესაც გეტყვიან, რომ დასრულდა. გაიხსენე, რომ ჯერ საკუთარი თავი და მერე – სხვა დანარჩენი, გაიხსენე, რომ ყოველთვის შეგიძლია თქვა ,,არა“.