„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევებით, უმრავლეს მუნიციპალიტეტში მეორე ტური ჩატარდება.
პარტიაში კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე არ საუბრობენ, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ამავე კვლევებით „ქართულ ოცნებას“ საკრებულოების დაკომპლექტებაც გაუჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მეორე ტური დემოკრატიის ნაწილია:
„რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, პირველ ტურში გავიმარჯვოთ ყველგან, თუმცა, მეორე ტურიც არჩევნების და დემოკრატიული პროცესის ნაწილია“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებში, ასევე, ჩანს, რომ კამპანიის ჩატარების შემდეგ ,მათი კანდიდატების რეიტინგი გაიზარდა:
„ჩვენი კამპანია წარმატებული და განსაკუთრებული იყო თბილისში, სადაც კახი კალაძემ თბილისელებს „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ შესახებ საკუთარი ხედვა და პროგრამა წარუდგინა. მოსახლეობასთან ორასამდე შეხვედრა ჩავატარეთ, მონაწილეობა მივიღეთ ყველა სატელევიზიო დებატში, შევხვდით პროფესიულ წრეებს და წარვადგინეთ ქალაქის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, _ აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.
ოპოზიციური კანდიდატების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თბილისს წინ მეორე ტური ელოდება და „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ, ამ აზრს შეეგუოს.
საპირისპიროს ამტკიცებს არჩილ თალაკვაძე, რომლის თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს:
„ჩვენს ხელთ არსებული კვლევებით, “ქართულ ოცნებას” აქვს ორჯერ მაღალი რეიტინგი, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოების მხრიდან გააჩნია სრულიად საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დამაჯერებლად მოიგოს ამ არჩევნებში“, _ ამბობს თალაკვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ანალოგიურ მოწოდებას აკეთებენ „ევროპულ საქართველოშიც“ _ პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა _ ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა“:
„აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, მობრძანდით არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიამ გაიმარჯვოს და ვიღაც გახდეს ქალაქის მერი ან გამგებელი. მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველო ვითარდება,“ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ:
“ხვალ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გააათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე.
ძვირფასო პედაგოგებო, საბავშვო ბაღის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას“, _ განაცხადა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
ოპოზიციის ამ განცხადებებს „ქართულ ოცნებაში“ დემაგოგიად აფასებენ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, „წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა“ და ასეთივე იქნება ხვალინდელი დღე:
„ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს იმ ადამიანებს, ვისაც სურს ანდოს საჯარო ინტერესები საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში. პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა ძლიერი განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ისაუბრა ხელისუფლების მზადყოფნაზე, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები და მოუწოდა თანამოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ არჩევანი.
დარღვევები, რომელზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ან ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს. რაც მთავარია, კანდიდატების და პროგრამების წარდგენა, მედიასთან ურთიერთობა და გაშუქება, მოსახლეობასთან შეხვედრები, ოფისების დაქირავება და კამპანიის წარმართვა, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი იყო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.