საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრის ქადაგებიდან ნაწყვეტს „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
„რამდენიმე ათეული წელია ეს მტანჯველი, თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული.
მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის გვარდიას და გენერალს, გადასცემს მას ე.წ აგვისტოს ღვითისმშობელს, თითქოს აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ ეს ხატი გასულ საუკუნეში შეიქმნა, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ აღნიშნული ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო.
ესეც არაა იმდენად აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკრაინაში იცავენო და მათ ფიცი აქვთ დადებულიო. ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახდენთო.
მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს უკრაინაში მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან და თანაკურსელებთან – იქ უმძიმესი მდგომარეობაა. გამაოგნებელია მისი განცხადება, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო.
მივმართავ მას (რუსეთის პატრიარქს) რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა“, – ამბობს ქადაგებისას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.