პანდემიასთან ბრძოლამ ადამიანების ნაწილი დროებით უმუშევრად აქცია, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
ჩაკეტილი საზღვრები, დაკეტილი სხვადასხვა ობიექტები, ბლოკპოსტები სხვადასხვა ქალაქში და რიგი სუპერმარკეტებთან, ბანკებთან თუ აფთიაქებთან_ ეს ის სურათია, რაც დღეისთვის საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის გამო, დგას.
რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ეკონომისტ აკაკი ცომაიას ესაუბრა.
აკაკი ცომაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ რთულია პროგნოზირება, პანდემიის შემდეგ რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, მაგრამ ეკონომიკის რეცესია და უმუშევრობის მატებაა მოსალოდნელი.
ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გაუჭირდება იმ მდგომარეობის დაბრუნება, რაც პანდემიამდე ჰქონდა.
„რეალურად პროგნოზირება და თქმა, რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, ძნელია. რაც უფრო მეტად გრძელდება კარჩაკეტილობა, მით უფრო მეტად ზარალდება ქვეყნების ეკონომიკა და შევა რეცესიაში. უმუშევრობის დონე გაიზრდება მსოფლიოში ამ პანდემიის დასრულების შემდეგ და მათ შორის გაიზრდება საქართველოშიც. რისი პროგნოზირებაც შეგვიძლია არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება საწყის ეტაპს. ტურიზმის სექტორი ვერ დადგება იმ წერტილში რა წერტილშიც იყო პანდემიამდე. რატომ? ამის ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არის. მათ შორის ის, რომ საქართველო ვერ მიიღებს ასე სწრაფად ვიზიტორების იმ რაოდენობას, რომელსაც იღებდა. ადამიანებმა ჯერ კაპიტალი უნდა დააგროვონ, უნდა დაიწყოს შემოსავლების ფორმირების პროცესი. ეს ხანგრძლივი პროცესია. ტრანსპორტის სფეროს განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული და ვითარდებოდა მაშინ როცა ტურიზმი ვითარდებოდა. იგივე ეხება მშენებლობას, კაფე-ბარებს. ეკონომიკის შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ის იყო პანდემიანდე. ჩვენი შემოსავლები ვერ აღდგება საწყის წერტილში“,_ ამბობს ცომაია.
ეკონომისტის თქმით, აღნიშნული საფრთხეების დანახვასთან ერთად ქვეყანამ ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომელიც პანდემიის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს.
აკაკი ცომაიას თქმით, ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა ანაკლიის პორტს შეუძლია.
„გლობალურ საფრთხეებთან ერთად, ასევე, უნდა დავინახოთ შესაძლებლობა და გამოვიყენოთ, რაც უკავშირდება მსოფლიო ბაზრის გადანაწილებას და საერთაშორისო ბაზარზე შევიტანოთ ჩვენი კონკრეტული წვლილი და დავიკავოთ გარკვეული ნიშა. გაცილებით რთული იყო ამის გაკეთება, როცა ეს ყველაფერი იყო გადანაწილებული და განსაკუთრებით შესაძლებლობა ჩნდება ახალი მიმართულებებით. ყველაზე მეტად აქტუალური არის ანაკლიის პორტის საკიხი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გარკვეული ლოკომოტივის თამაში და ეკონომიკის დაქოქვა ანუ საქართველოს ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ახალ რელსებზე გადაყვანა“,_ ამბობს ცომაია.