ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. რურუას სახლთან მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.
არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს პოლიტიკოსი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.