ხორცი არის ცილების, ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა ბაზარზე არსებული ფასების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ყველა მის შეძენას ვერ ახერხებს და ამიტომ ბევრ ოჯახში ხორციანი კერძი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იშვიათი ფუფუნებაა, რასაც, ალბათ, სადღესასწაულო დღეებში უფრო ამზადებენ.
დღეისთვის, ჩოხატაურში 1 კგ საქონლის ხორცი 18 ლარი ღირს, ღორის ხორცი _ 16 ლარი, გულ-ღვიძლი _ 9 ლარი, გატარებული (ფარშირებული ხორცის ფასი) კი, 20 ლარია.
ხორცის შეძენისას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ პირობებს, რა პირობებშიც დაკლული საქონელი მუშავდება და გასაყიდად გამოდის. სულ ცოტა ხნის წინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გურიის აგრარულ ბაზარში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტების ნაწილში, გამოავლინა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება.
დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
ჩოხატაურის მაღაზიებში, ძირითადად ინდ.მეწარმეებს ხორცი მაცივარში აქვთ შენახული. იმის მიუხედავად, რომ გაყინვა ხორცის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს, ასე თუ ისე, მისი შენახვის პირობები მაინც დაცულია.
რამდენად ხშირია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა სხვადასხვა ობიექტებზე_ ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს, დათა რევაზიშვილს ვესაუბრეთ.
რევაზიშვილი ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დარღვევები ხშირია.
_ ქვეყნის მასშტაბით შემოწმებები ყოველდღიურად მიმდინარეობს, დარღვევები კი ძალიან ხშირია.
_რა სანქციები ეკისრებათ ობიექტებს ჰიგიენის ნორმების ან სხვა სახის დარღვევების შემდგომ?
_ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორები 5000 ლარით ჯარიმდებიან, უჩერდებათ მუშაობა რათა გამოასწორონ ობიექტი, ობიექტის საწარმოო პროცესის განახლებას კი გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდგომ შეძლებენ.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მსგავსი დარღვევა ისევ დაფიქსირდა ობიექტზე ?
_განმეორებით შემთხვევაში ობიექტი მიიღებს მკაცრ სანქციებს და შეუჩერდება ბიზნესოპერატორის სტატუსი, გააჩნია რა სახის დარღვევასთან გვექნება საქმე.