ცოტა ხნის წინ, „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმიდან დაუკავშირდნენ. როგორც სოფლიდან გვაცნობეს, სოფლის მაღაზიის გამყიდველს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი თქმით, სოფელში ერთადერთი მაღაზიაა, რომლითაც მთელი სოფელი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ.
„რა გვეშველება, ძალიან შეშინებულები ვართ. ჩვენი სოფლის მაღაზიის გამყიდველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს სოფელში ერთადერთი მაღაზიაა და მთელი სოფელი ამით სარგებლობს. მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. ამ ქალბატონის კონტაქტია, ფაქტობრივად, მთელი სოფელი. აი როგორც ქვაბღასა და ზოტში გააკეთეს, დატესტეს მთელი სოფელი ისე უნდა გაკეთდეს აქაც. გვაინტერესებს, ჩატარდება თუ არა სოფელში მასობრივი კვლევა“, _ გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები.
სიტუაციაში გასარკვევად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურს დავუკავშირდით. როგორც ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, სოფელში მასობრივი ტესტირება არ იგეგმება.
„ამ ქალბატონს მართლაც დაუდასტურდა კოვიდ 19. მან დაგვისახელა ის ადამიანები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. ეს წრე დიდი არ არის, მოძიებულია ყველა სავარაუდო კონტაქტი. ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თუ რომელიმეს აღმოაჩნდება საეჭვო სიმპტომი, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუტარდება ტესტი. სოფლის მასობრივი ტესტირება არ იგეგმება. ზოგადად, აღარ ტარდება მასობრივი ტესტირება“, _ გვეუბნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.





































































