მიწის დეგრადაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.
რას იწვევს მიწის დეგრადაცია, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში, სად უფრო მძიმეა ვითარება ამ კუთხით და რა კეთდება პრობლემასთან საბრძოლველად_ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწისა და წიაღისეულის სამსახურის უფროსი, ნინო ჩიქოვანი ესაუბრა.
მისი თქმით, მიწის დეგრადაცია მიწის ნაყოფიერების შემცირებას იწვევს და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იმ ტერიტორიაზეა, რასაც ადრე საქართველოს ბეღელს ეძახდნენ.
„მიწის დეგრადაცია გახლავთ მიწის ნაყოფიერების შემცირება. ეს პრობლემა მწვავედ დგას ქვემო და შიდა ქართლში, ასევე კახეთში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გამოვყოფდი ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის ბეღელსაც ეძახდნენ ამ ტერიტორიებს, თუმცა, ქარსაფარი ზოლების არ არსებობის გამო აქ მწვავედ არის გავრცელებული ქარისმიერი ეროზია. შემცირებულია ნიადაგის ნაყოფიერება და ქარს მიაქვს ნიადაგის ის ფენა, რომელიც არის აუცილებელი მცენარეთა ზრდა–განვითარებისთვის“, _ამბობს ჩიქოვანი.
ქარსაფარი ზოლების გაშენება, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა, საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობესება _ ეს ის ღონისძიებებია, რასაც ჩიქოვანის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახორციელებს, თუმცა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია.
„ამ მიმართულებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე აქვს მუშაობა დაწყებული. ვახორციელებთ პროექტს, რომლის მთავარი მიზანი იქნება დეგრადირებული ფართობების აღდგენა. კერძოდ, ქარსაფარი ზოლების გაშენება, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა, საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობესება და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, პარალელურად 4 მუნიციპალიტეტში, ეს არის დედოფლისწყარო, გარდაბანი, ახმეტა და საგარეჯო“, _ ამბობს ჩიქოვანი.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში წყლისმიერი ეროზიით გამოწვეული პრობლემებია. ნიადაგის ნაყოფიერებას ასევე ხელს უშლის მოსახლეობის არაინფორმირებულობა.
„აჭარაში, იმერეთსა და გურიაში წყლისმიერი ეროზიის და დაჭაობების პრობლემაა. პრობლემას წარმოადგენს ასევე მოსახლეობის ცოდნა. ტრადიციული ცოდნა ამ მიმართულებით არსებობს, თუმცა, თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების შესახებ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“, _ ამბობს ის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწისა და წიაღისეულის სამსახურის უფროსის თქმით, მოსავლის აღების შემდეგ ტერიტორიების გადაწვა, ის ნაბიჯია, რითაც მოსახლეობა ნიადაგს აზიანებს. „გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც არის მოსავლის აღების შემდეგ ტერიტორიების გადაწვა, იმ მიზნით, რომ შემცირებული იყოს დანახარჯი და მომზადდეს მიწა შემდგომ წელს დასათესად არის არასწორი. ისინი ფიქრობენ, რომ ნაცარი მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ნაცრის შეტანა ნიადაგში, მაგრამ გადაწვა ანადგურებს იმ ბიო ორგანულ მიკროორგანიზმებს, რომელიც აუცილებელია მცენარეთა ზრდა განვითარებისთვის. გადაწვის დროს ნადგურდება ნაყოფიერ ფენაში არსებული ეს ბიოლოგიური მიკროორგანიზმები“, _ ამბობს ჩიქოვანი.
ამავე თემაზე:
ქარსაფარი ზოლების განადგურებული 90% და მდგომარეობის გამოსასწორებელი ღონისძიებები
რა პრობლემები აქვს მიწებს საქართველოში _ ექსკლუზიური ინტერვიუ გაეროს წარმომადგენელთან
კლიმატის ცვლილება საქართველოს რეგიონებს სერიოზულ ზიანს აყენებს