ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა, რომელიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, ცალკე განისაზღვრება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის წესები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის სათანადოდ დაცვას.
„ეს არის ხანგრძლივი პროცესის ერთგვარი დასასრული, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რათა საიმპლემენტაციო შეთანხმება რეალურად შესულიყო ძალაში და ამოქმედებულიყო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სისტემები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის ექსპერტებთან, რომელთა მიერ განხორციელდა რამდენიმე მისია, რათა შეესწავლათ რეალური მდგომარეობა, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის დაცვას შეეხება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებამ შეუფერხებლად იმოქმედოს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.