საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანება.
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356–ე მუხლის არსებულ რედაქციაში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებისთვის, ზუსტდება თავის არიდების შემთხვევები და მუხლი ყალიბდება შემდეგნაირად: „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენების ან სხვაგვარი მოტყუებით. კანონპროექტის მიღების მიზანს კი სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების აღმოფხვრა წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორის მიერ ცვლილებების მიღების საფუძვლად შემოთავაზებული არგუმენტები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ რა იწვევს ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას.
„ამასთან, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არის ზოგადი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ხარვეზები გამოვლინდა პრაქტიკაში, რამაც გამოიწვია წვევამდელთა გაწვევის შეფერხება. ასევე, უცნობია კანონის მოქმედი რედაქცია ქმნიდა თუ არა პრობლემას პრაქტიკაში სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ფაქტებზე გამოძიების ან/და საქმის სასამართლოში განხილვის კუთხით. სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველი კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმის მიზანი არ არის განჭვრეტადი.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, ვერ უზრუნველყოფს სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების პრობლემის აღმოფხვრას. საქართველოს სახალხო დამცველს საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე რაც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიუღებელია პრობლემის მოგვარების მიზნით მსგავსი ფრაგმენტული და დაუსაბუთებელი ცვლილებების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მიდგომების ნაცვლად, შეიმუშაოს ისეთი ხედვა, რომელიც მიმზიდველს გახდის სამხედრო სამსახურს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრ უმეტეს სახელმწიფოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ან გაუქმებულია, ან გაწვევა დაფუძნებულია მოხალისეობრივ საწყისებზე და შესაბამისად თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის არსებული მექანიზმის ძირეული რეფორმის მიმართულებით და მიუახლოვონ სისტემა ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებს.