ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ფეხით მოსიარულე ადამიანებს გადაადგილება უჭირთ.
როგორც „გურია ნიუსს“ ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა როინ გუნდაძემ აცნობა, ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არის, რაც წვიმის დროს განსაკუთრებით დიდ პრობლემას სკოლის მოსწავლეებს უქმნის.
„ზოგადად, ქალაქში, სადაც სანიაღვრე სისტემები არსებობს, იქ არც ქვეითს უჭირს გადაადგილება და არ მძღოლებს ეშინიათ იმის, რომ მანქანას რამე გაუფუჭდეს, ხოლო რაც შეეხება, ფრიდონ ხალვაშის გამზირს, ამ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა მოწყობილი და არც ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარები, არც ველობილიკები და არც ზებრაგადასასვლელები არის მოხატული. წვიმიან ამინდში ბავშვები სკოლაში ნახევრად სველი მიდიან, რის გამოც ცივდებიან“, _ ამბობს გუნდაძე.
მისივე თქმით, ტრანსპორტი კერძო სკოლებს ემსახურება, მიკროავტობუსის მძღოლები ბავშვებს არ უჩერებენ, რაც შეეხება ავტობუსებს, 15 წუთის ინტერვალით დადიან და ადგილი იქნება თუ არა მოსწავლეებისთვის ცალკე პრობლემაა.
„ტრანსპორტი ემსახურება, როგორც ვიცი, კერძო სკოლებს, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, მიკროავტობუსები არ უჩერებენ ბავშვებს ფულის გადაუხდელობის შიშით. ავტობუსებიც ყოველ 15 წუთში ერთხელ მოდის. მასაც ფეხზე დასადგომი ადგილი თუ ექნება, ადიან ბავშვები, თუ არა და მეორე ავტობუსის ლოდინში არიან“, _ ამბობს გუნდაძე.
იგეგმება თუ არა ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია და რამდენად სერიოზულია ამ წუთას იქ არსებული ვითარება, ამის გასარკვევად „გურია ნიუსი“ ბათუმის მერიის სასაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
„წელს ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია გახორციელდება, მათ შორის სანიაღვრე სისტემების. ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ყოველი გაწვიმების დროს იქმნება პრობლემა. ის ვითარება, რაც ამ წუთას ფრიდონ ხალვაშის გამზირზეა, საგანგაშო არ არის იმ თვალსაზრისით, რომ რამის დატბორვა გამოიწვიოს“, _ გვითხრეს ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.