როგორც ვწერდით, სახელმწიფო პროგრამას _ „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და ითვალისწინებს ხვნა-თესვის პროცესში მოსახლეობის დახმარებას, სუბსიდიის სახით.
ჯერჯერობით, ხალხის მცირე ნაწილი ძლივს ახერხებს კუთვნილი მიწის ფართობის დახვნას.
როგორც გასულ დღეებში „გურია ნიუსს“ შპს „მექანიზატორის“ (დისლოკაციის ადგილი სოფელი მერია, ოზურგეთი) ხელმძღვანელ ბესიკ გოგიტიძეს ესაუბრა, ის იყო თბილისში _ შპს „ლოჯისტიკის და სერვისცენტრის კომპანიაში“. და ხელმძღვანელობას ესაუბრა მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ გურია მხოლოდ რვა ტრაქტორის ამარაა, ერთი გაფუჭებულია და 1 500 ჰა ფართობი 8 ტრაქტორით დახვნა შეუძლებელია.
გოგიტიძე ძალზე აღელვებული იყო და საიმედო ვერაფერი გვითხრა.
„გურია ნიუსი“ მომდევნო დღეებშიც აქტიურად უკავშირდებოდა შპს „მექანიზატორის“ დირექტორს, რომ გაგვეგო, შეიცვალა თუ არა ვითარება უკეთესობისკენ. თუმცა, როგორც გავიგეთ, ხვნა-თესვის გაუმჯობესებისთვის და ხალხის დასახმარებლად, ჯერ წინსვლა არსად იგრძნობა, ხოლო ბატონი ბესიკ გოგიტიძის ჯანმრთელობის მდგომარება კი, როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, აღნიშნული ამბების შემდეგ გაუარესდა და ის გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ჩვენ დავუკავშირდით მას და დაგვიდასტურა, რომ ის ამ წუთებში ქობულეთში, საავადმყოფოში იმყოფება და იქ ნერვიულობის ნიადაგზე მოხვდა.
გოგიტიძემ გვითხრა, რომ შპს„მექანიზატორის“ მენეჯერს, თეიმურაზ ჩხარტიშვილს დავკავშირებოდით.
კითხვაზე, რა ეშველებათ გურულ გლეხებს, რომელთა უმეტესობას საყანე ფართობების დახვნა სურს, საამისოდ კი ძალზე მცირე ტექნიკის და გაზრდილი ფასების გამო, ყოველდღე გვიანდება პროცესი, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
_რა ვქნათ, სინამდვილეა, რომ ძალზე მცირერიცხოვანი ტექნიკა გვყავს. ფაქტიურად სამი ტრაქტორი მუშაობს. ისიც ხშირად ფუჭდება. ათ-ათი ტრაქტორი მაინც უნდა ჰყავდეს ლანჩხუთს და ოზურგეთს, რომ რაღაც გაკეთდეს. ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ და ჩემის მხრიდან საყვედურით და წუწუნით საუბარი არაა მართებული. რაღაც უნდა ვიღონოთ.
_ბატონო თეიმურაზ, რა ქნას გურულმა გლეხმა, როცა არსად ტრაქტორი არ არის, გარდა რამდენიმე კერძო პირისა და თქვენი სამიოდე ტრაქტორისა. ხალხის უმეტესობას დახვნაში გადასადხელი ფული ხელზეც არ აქვს, თესვა კი გვიანდება…რატომ გაყიდეს გურიიდან ტრაქტორები, რომელთა რაოდენობა 47 იყო?
_იცით, ყოველ წელს იკლებდა ბენეფიციართა რაოდენობა. როცა ტრაქტორების საჭიროება აღარ იყო, ამიტომ მოხდა ეს. ახლა რთული ვითარებაა, მაგრამ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მე ამ წუთებში მოვალეობასაც არ ვასულებ. ალბათ, ამ საქმეს ხვალიდან შევუდგები და მერე უფრო შემეძლება კონკრეტული პასუხის გაცემა, – გვითხრა შპს„მექანიზატორის“ მენეჯერმა.
„გურია ნიუსი“ ყოველდღიურად მიადევნებს თვალს გურიაში ხვნა-თესვის პროცესს, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონთან შედარებით, როგორს საერთო სურათი გვიჩვენებს, ყველაზე ჩამორჩენილ მდგომარეობაშია და ჯერჯერობით მიწების მცირე ნაწილის გარდა, ფართობები დახნული არ არის.