ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი გრძელდება. მათ მთელი ღამე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაატარეს და ამ წუთებშიც იქ იმყოფებიან.
როგორც ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, აქციების განახლების მიზეზი საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილებაა.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და სამართლიანობის აღდგენაა.
სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა ხელისუფლებას გადადგომისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24 საათიანი ვადა მისცეს. გარდა ამისა, სარალიძემ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო.
როგორც ისინი აცხადებენ, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, მასშტაბური აქციის გამართვას კი საღამოს 19:00 საათზე აპირებენ.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულია პოლიცია.