დღეს ლანჩხუთში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა პატიმართა შეწყალების საქმეში პრეზიდენტის შესაძლო ბრალეულობასთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, მას პრეზიდენტთან კითხვის ნიშნები აქვს, თუ როგორ მოხდა შეწყალების წესში პრეზიდენტის მიერ ცვლილებების შეტანა, რომლითაც კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პატიმრების შეწყალება გაადვილდა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრს კითხვები პრეზიდენთტან მოქალაქეობის მინიჭების საკითხთანაც აქვს.
„შეწყალებაზე ბევრი ვისაუბრე და მაქვს კითხვის ნიშნები, თუ როგორ მოხდა შეწყალების წესში პრეზიდენტის მიერ ცვლილებების შეტანა, რომლითაც კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პატიმრების შეწყალება გამარტივდა. მაქვს კითხვები და შესაბამისად, პასუხებიც მაინტერესებს. ასევე, კითხვები არის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებითაც. არაერთი პრობლემის გამო უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მობრუნდა სამშობლოსკენ, სურს დაბრუნება და ჩვენი დადებითი დასკვნის მიუხედავად, პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე.
რაც შეეხება დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მარტო ეკა ბესელიას 600 მეტი შუამდგომლობა აქვს გაკეთებული შეწყალების თაობაზე, მინისტრმა თქვა, რომ ვინც არ უნდა შუამდგომლობდეს პატიმარს, პრეზიდენტი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში და თავად აგებს პასუხს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ პრეზიდენტი არის ის ადამიანი, ვინც შეწყალების საკითხებს წყვეტს დამოუკიდებლად, ასევე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებსაც. როგორიც არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მოქალაქეობაზე, პრეზიდენტი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში. როგორიც არ უნდა იყოს ეკა ბესელიასა თუ სხვა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის შუამდგომლობა, პრეზიდენტია ის ერთადერთი, ვინაც იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს მიღებულ გადაწყვეტილებებზე“.