წინა საუკუნის მეორე ნახევარში, ანსამბლი “ფაზისი” საგასტროლოდ მოსკოვში ჩავიდა. ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროშიც დაბინავდნენ. რეგისტრაციის გავლის დასასრულს ერთი კურიოზი დაფიქსირდა, რომელსაც მსახიობი ბესო იობაშვილი იხსენებდა.
– ახლა თქვენი გვარები მიკარნახეთ, _ გაგვიღიმა ადმინისტრატორმა გოგონამ.
– იობიძე! –უთხრა ერთ-ერთმა.
ქალს თვალები გაუფართოვდა. შემდეგ მეორეს ჰკითხა გვარი.
– ბლიაძე!
ვამჩნევ, რომ ნამეტანი დაბნეული გვიყურებს სამივეს. ამასობაში ჩემი ჯერიც მოვიდა.
– იობაშვილი! გამოვუცხადე ამაყად. რუსი დიაცი წამოფრინდა ადგილიდან, სადღაც გავარდა და მილიციელი მოიყვანა, იმოდენა იყო, ჩემსიგრძე მარტო ჰალსტუხი ეკიდა. გვარები მითხარითო, გვიბრძანა.
– იობიძე, ბლიაძე, იობაშვილი.
ის იყო რუსი წესრიგის დამცველი უნდა გვცემოდა, რომ პასპორტები მოგვთხოვა. ჩვენ მაშინვე მივაწოდეთ. ჩახედავს რუსი ვანია, ამოხედავს პასპორტის პატრონს, “ბლინ” გაიძახის და თვალებს გიჟივით ატრიალებს.
-Да оформляй этих сумасшедших грузинов ! – უთხრა ბოლოს ადმინისტრატორს. კიდევ კარგი, ჩვენი ანსამბლის ორი წევრი არ წამოვიდა, თორემ ალბათ დაგვაპატიმრებდნენ. ერთი გელხუიძე იყო, მეორე კი იბანოიძე”.
































































