შსს ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალას ასაჯაროებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული.
გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
“ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი – ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.
15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.
აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.
მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.
მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს.
შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“.