ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლისა და ბაღის სახურავები.
დაბაში, გორაბერეჟოულის ტყეპარკსა და სოფლებში წააქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელ ჯვარცხმის სასაფლაოს ღობე.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმღძვანელ დავით თოდრიასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონებში იმყოფებოდა და ვითარებას პირადად გაეცნო.
რა ვითარებაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ ამის შესახებ “გურია ნიუსი” მაია კუტუბიძეს ესაუბრა.
“ძირითადად დაზიანებულია შიდა გზები. ქარმა სამ ადმინისტრაციულ შენობას დაუზიანა სახურავი სხვადასხვა სოფლებში. კერძოდ, სახურავები დაუზიანდა ზომლეთის 2 ადმინისტრაციული შენობას, ბაღების გაერთიანების შენობას, ნიკო მარის სახელობის მუზეუმის შენობას. წაიქცა ასწლოვანი ხეეები გორაბერეჟოულის ტყეპარკში, რის შედეგადაც დაზიანდა იქ მდებარე კულტურული შენობა. როგორც ამ დროისთვის დავითვალეთ, 107 სახლს აქვს სახურავი დაზიანებული. ხვალ უფრო ზუსტად გვეცოდიება მონაცემები, რადგან უშუქობის გამო ვერ ხერხდება ყველა სოფლიდან ინფორმაციის მოწოდება. მეწყერია ჩამოწოლილი ზემო სურების შიდა საუბნო გზაზე, ზოტში, სადაც ასფალტი არ არის დაგებული ძალიან დიდი მეწყერია წამოსული და ლოკალიზებას აკეთებენ. ხვალ უკვე კონკრეტულად გვეცოდინება იქ არსებული მდგომარეობა. საბედნიეროდ, არ არიან დაშავებულები და არ არის მსხვერპლი. რაც შეეხება ზემო სურებში საბავშვო ბაღის შენობას, დაზიანებულია სახურავი. ამ დროისთვის იქ სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობდა. სექტემბერში ვაპირებთ შენობის გახსნას”,_ გვითხრა მაია კუტუბიძემ.
იმის გასარკვევად კი თუ რა მდგომარეობაა ზემო სურების საჯარო სკოლაში, სადაც ასევე ქარმა სახურავი დააზიანა და მოხერხდება თუ არა სასწავლო პროცესის შენობაში გაგრძელება, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, შორენა სიხარულიძეს ვესაუბრეთ.
შორენა სიხარულიძის თქმით, დაზიანებული სახურავიდან წყალი სკოლის სამასწავლებლოს ფლიგელში ჩადის.
“როგორც კი გამოიდარებს, სწავლის განახლება შესაძლებელი იქნება.ზემო სურების საჯარო სკოლა არის ორ სართულიანი კაპიტალური შენობა. დაზიანებული ადგილიდან წყალი სადაც ჩამოდის არის სამასწავლებლოს ფლიგელი. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ აღვადგინოთ სასწავლო პროცესი. ხვალიდან სკოლის დირექტორი აპირებს, რომ სკოლის ანგარიშით დაიწყონ სახურავის აღდგენა საკუთარი ძალებით, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნება, წყალი შეჩერდეს და შენობაში არ ჩავიდეს”,_ ამბობს შორენა სიხარულიძე.
ამ დროისთვის კი დაბასა და სოფლების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.
ამ წუთებში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, სტიქიის ზონაში მობილიზებულნი არიან ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
ავტორი