თბილისის მერია ვერეს ხეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.
გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.
შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს”,_ აცხადებენ მერიაში.