საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურ მომხსენებელს რელიგიის საკითხებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები მიმართვას უგზავნიან.
მიმართვის ავტორები აფასებენ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს.
ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას საქართველოში და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.
“კერძოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ზედმეტად გააფართოვდა. მათ შორის, იმაზე მეტად, ვიდრე ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი ითვალისწინებს.
პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, რელიგიის თავისუფლებაში ზოგადი საფუძვლებით უხეში ჩარევის რისკებს წარმოშობს ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის.
ნეგატიურად არის შეფასებული კონსტიტუციური პროექტის მე-8 მუხლიც, რომლის მიხედვითაც, რწმენის თავისუფლება ცალკეულ სიკეთედ აღარ არის განხილული და წარმოდგენილია მართმადიდებელი ეკლესიის როლთან ერთობლიობაში.
სახელმწიფომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება შემოზღუდა მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილის აღიარებით, რაც უფლებრივი თვალსაზრისით, სტანდარტის გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
წერილის ავტორები მიმართავენ ადრესატ სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში არ მოხდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტების გაუარესება”, _ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF),თანასწორობის მოძრაობა, იდენტობა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი; კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი; გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ლევან რამიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ბურჯანაძე, სამართლის მაგისტრი; გიორგი ჩიტიძე, იურისტი.