რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.
მისი თქმით, გამოძიება ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა დაწყებულიყო.
„მუხლი 224. ბანდიტიზმი – მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-20 წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.