ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, კენჭისყრის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე დარღვევით იმყოფებოდა, რადგან მისი თქმით, შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა აღეკვეთა.
მისი ინფორმაციით, მის შვილს – კომისიის წევრს, „ნაციონალრი მოძრაობიდან“ ანა ბერიძეს, რომელიც ხმას სპეცსიით აძლევდა, ბიულეტენი დააკლეს.
„ბიულეტენის მიცემის დროს ხდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და თემურ კუტუბიძისგან დანაშაულისკენ ბიძგი. ორი ბიულეტენი მისცეს.. ჩააგდე, ახლა, მოგცემენ კიდევ 1 ბიულეტენს, შეხვალ კაბინაში, ჩააგდებ…. ეს არის აფიორა დადგმული.
არ მისცეს კანონდარღვევით ბიულეტენი. ახლაც აწუხებდა საოლქოს თავმჯდომარე ჩემს შვილს, რომ ერთ ბიულეტინს მოგცემთო და ჩააგდეო. შვილს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ კომისიის წევრებმა მოახდინეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ მამაშენის, ბაბუაშენის მეგობარი ვარ და არ დაწეროო და ა.შ. თურმე, სპეცსიაში არ ჰქონდა უფლება, რომ ხმა მიეცა ჩემს შვილს. როცა მე ჩემს შვილს – კომისიის წევრს ვესაუბრებოდი, ვამშვიდებდი, გადამიღეს ფოტო…
თემურ კუტუბიძემ (საოლქო კომისიის თავმჯდომარე. რედ.) დაურეკა: მოგცემენ 1 ბიულეტენს, მამაშენის ბიულეტენს, შედი, შემოხაზე და ჩააგდეო. ეს კანონიერია? ამის ჩაგდება შეიძლებოდა?“ _ ამბობს ჯემალ ბერიძე.
ბიულეტენის დაკლების ფაქტს ადასტურებს ჩვენთან საუბრის დროს ანა ბერიძე:
„ვცხოვრობ სოფელ ჩხაკაურაში. აქ ვარ კომისიის წევრი. ვიყავი სპეცსიით აქ. ხმის მიცემის პროცესში არ მომცეს მაჟორიტარობის კანდიდატის დეპუტატის ბიულეტენი. რომ მოვითხოვე ბიულეტენი, მითხრეს, რომ რადგან აქ არ ვცხოვრობდი, ვიქნებოდი სხვა სიაში და თუ მინდოდა, წავსულიყავი სხვა უბანზე და მიმეცა ხმა. მე ვუთხარი, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი არის ერთი და ხმის მიცემის უფლება მაქვს-თქო. ისინი მიმტიცებდნენ, რომ ხმის მიცემა შემეძლო ჩემს უბანზე. დავწერე ოქმი. ოქმის ჩაბარების შემდეგ დამირეკა თემურ კუტუბიძემ- საოლქოს თავმჯდომარემ და მითხრა, რომ მომცემდნენ დაკლებულ ბიულეტენს და შემეძლო სასურველი კანდიდატი შემომეხაზა. მე ვთქვი, რომ ეს უკანონობაა. ამ კაცმა ტონსაც აუწია და შენი მოვალეობააო. მე ვუთხარი, რომ ჩემს სურვილზეა – მინდა მივცემ ხმას და მინდა არა. ამის მერე არაფერი არ მომხდარა“,_ გვიამბობს ანა ბერიძე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის განმარტება ჩვენ უკვე გავაცანით მკითხველს.
[sexy_author_bio]