დღეს პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია გაიმართა.
აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იმ მთავარ მოთხოვნებზე ისაუბრა, რის გარშემოც, მისი თქმით, მომავალში ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
„გთავზობთ, დროშის აწევით დაუჭიროთ მხარი იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არ იქნება თქვენი ნება, ეს მოთხოვნები არ იქნება ჩვენს მოთხოვნებში. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება. ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, უბრალოდ, მთელ მსოფლოში მოგვჭრა თავი რუსულმა ოცნებამ და ახლა უკვე ოფიციალურად ამერიკელები ამბობენ – კორუმპირებული, ქრთამისტი, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ასეთი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირებული მოსამართლეების დაუყონებლივ გადადგომა.
რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაცია, რომელიც, ცხადია, სააკაშვილის და გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა. უნდა დავამატო აუცილებლად, ნიკა, გამაგრდი, ძალიან ახლოს არის შენი თავისუფლება. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, მიშა სააკაშვილს გაუმარჯოს! არ დაგვავიწყდეს, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ის ადამიანი, ვინც საქართველოს გზა გაუკაფა ევროკავშირისკენ. არამარტო საქართველოს, მოლდოველი და უკრაინელი ხალხი საუბრობს ამაზე, რომ მიშა იყო ტონის მიმცემი, მათ შორის, ამ ქვეყნებისთვის. წარმოუდგენელია, ეს არ დააფასოს ქართველმა ხალხმა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა, გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო ჩვენ გთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც, აბსოლუტურად ყველას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი, თქვენი პარტიული იტერესები, დამარხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი “, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.