გუშინ, უკრაინის ქალაქ ლუცკში ტერორისტმა გაიტაცა ავტობუსი და მისი მგზავრები მძევლად აიყვანა.
ტერორისტ მაქსიმ კრივოშის მოთხოვნები მეტად უცნაური იყო _ იგი ითხოვდა:
_ ადგილზე მისულიყო, რაც შეიძლება, ბევრი ჟურნალისტი;
_ ხელისუფლების წარმომადგენლებს _ პრეზიდენტს, პრემიერს, მოსამართლეებს და სხვებს, ჩაეწერათ ვიდეომიმართვა, სადაც უნდა განეცხადებინათ, რომ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“;
_ პრეზიდენტ ზელენსკის ენახა ფილმი „დედამიწელები“ და გაეკეთებინა ვიდეომოწოდება: „ფილმი ნახეთ ყველამ!“
კრივოშთან მოლაპარაკებები 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლოს პრეზიდენტი ზელენსკი თავად ელაპარაკა ტერორისტს:
„მე თავიდანვე შემომთავაზეს შტურმი. დარწმუნებული ვარ, ეს შტურმი შედეგიანი იქნებოდა, თუმცა, ამ დროს ყოველთვის არსებობს ადამიანების დაღუპვის ან დაშავების საშიშროება.
ამიტომ თავად ვთხოვე კრივოშს, გამოეშვა ფეხმძიმე ქალი, ბავშვი და დაჭრილი. მან მითხრა, რომ დაჭრილი არ არსებობს და ეს ბლეფია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ის გამოუშვებდა 3 ადამიანს, შემდეგ მე ჩავწერდი ვიდეომოწოდებას, გავავრცელებდი სოციალურ ქსელებში და ის გაათავისუფლებდა ყველა მძევალს“, _ თქვა ზელენსკიმ.
ასეც მოხდა _ ტერორისტმა გამოუშვა 3 ადამიანი, შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ხუთწამიანი ვიდეო _ “ფილმი „დედამიწელები, 2005 წელის _ უყურეთ ყველამ!“ _ მოუწოდა ხალხს პრეზიდენტმა. კრივოშმაც ნახევარ საათში გაათავისუფლა მძევლები და ჩაბარდა ძალოვნებს.