ბოლო 5 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დასაცავად ორი ორგანიზაცია _ “ჩვენი შვილები“ და „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო შშმ ქალებისა და შშმ პირთა მშობლების ჩართულობას ბენეფიციართა უფლებების დასაცავად.
ნინო ჭელიძე, ორგანიზაცია „ჩვენი შვილების“ დამფუძნებელია. ის სამი შვილის დედაა. ნინოს მესამე შვილი შშმ პირია და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, სამოქალაქო სექტორში აქტიურად ჩართულიყო. მანამდე კი, აქტიური მშობელი იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი შვილის უფლებები არ დარღვეულიყო.
ნინო ჭელიძე: “2016 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი შვილები“. წლების წინ ვიყავი ერთ-ერთ ღონისძიებაზე და იქ გავიცანი ლია ტაბატაძე დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარე. მასთან მოხდა კომუნიკაცია. ჩემს შვილთან, გიორგისთან დაკავშირებით დახმარება მჭირდებოდა და ძალიან დამეხმარა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ოზურგეთში შექმნილიყო ახალი ორგანიზაცია. დავიწყე მუშაობა და დავიწყე დაუნის სინდრომის მქონე პირების მშობლების მოძიება. ამ ძიების დროს გავიცანი სხვა შშმ ბავშვების მშობლები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთად გვემუშავა ჩვენი შვილების მომავლისთვის.
სტიგმის წინააღმდეგ ვიბრძოდი, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ვმონაწილეობდი. გვინდოდა, რომ ეს ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ და საზოგადოებაში ადაპტირებება შეძლონ. მინდოდა 18+ს ზემოთ ცენტრი შემექმნა და ახლაც მიდის ამაზე საუბარი.
მერე “მაკ-ჯორჯიას“ დახმარებით შევქმენით “მშობელთა დახმარების ცენტრი“ და დაიწყო ორგანიზაციის გაძლიერება.
გიორგი ჩემი მესამე შვილია და ყოფითი ცხოვრება ისე იყო, რომ ვერ მოვახერხე უფრო ადრე დამეწყო მისი უფლებების დაცვა. ძალიან ცუდად მახსოვს, როდესაც ჩემი შვილი სკოლიდან გამოუშვეს, ეს იყო მისი უფლებების დარღვევა. ახლა კი, რაც შემიძლია ახალგაზრდებს ვეხმარები და მათ გვერდით ვარ.“
ნინო ჭელიძე გვიამბობს, რომ შშმ პირები ბევრი პრობლემის წინაშე არიან. მაგალითად, ბაღებში ბევრ ადგილას არ არის სპეციალური მასწავლებელი.
ნინო ჭელიძე: კიდევ მახსენდება ასეთი ამბავი: ერთ ოჯახში იყო ორი ბავშვი, ერთ-ერთს ქონდა ცერებრალური დამბლა, რის გამოც ბაღში არ უშვებდნენ. შემდეგ ჩავერთეთ და ეს საკითხი ყველამ ერთად გადავჭერით.
ოზურგეთელი ფიქრია ბარამიძე, „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ წევრია. ის აქტიური მოქალაქეა, შესაბამისად, არაერთხელ დაუფიქსირებია ღიად შშმ პირების საჭიროებების შესახებ თავისი პოზიცია.
ფიქრია ბარამიძე: „ჩვენი ორგანიზაცია „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, 2021 წელის 20 მაისს შიქმნა, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და „მაკ ჯორჯიას“ მხარდამჭერით.
ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაძლიერებაა, მათი მშობლების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ორგანიზაციაში, ამ ეტაპისთვის 6 ადამიანი ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება, სხვადასხვა სერვისის, ინფორმაციების მიწოდება შშმ პირებისთვის და მათი საჭირო სერვისებში ჩართვაა. მაგალითად, აუტიზმის სპქეტრის მქონე ადამიანმა ისარგებლოს იმ პროგრამით, რომელიც აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას; ჯამში, რაც 18 წლამდე შშმ პირებს ეხება, ვაკვალიანებთ და ვეხმარებით სერვისის მიღებაში. ასევე ადვოკატირებას ვუწევთ სხვადასხვა მიმართულებით. ყველანაირად ვეხმარებით, რათა უკეთ იცოდნენ იმ პროგრამების შესახებ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს.
გააქტიურების მიზეზი ცნობიერების ამაღლებაა შშმ ქალებში, საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ ინფორმირება. ასევე ადვოკატირებას ვუწევთ შშმ ქალებს რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებით. ყველაზე ხშირად შშმ ქალებს აქვთ შეზღუდვა სამედიცინო სერვისებზე. პრევენცია ხდება ძალადობის კუთხითაც. ხშირ შემთხვევაში, არაერთი შშმ ქალი და გოგონა ყოფილა ძალადობის მსხვერპლი.
ჯერ კიდევ დაბალია საზოგადოების ცნობიერება, რაც განაპირობებს ძალადობასა და უფლებების დარღვევას. რატომღაც ჰგონიათ, რადგან შშმ პირი ვარ(თ) საკუთარ თავს ვერ დავიცავთ. შშმ პირი თუ ხარ, საზოგადოება ადამიანად არ გაღიარებს და მიაჩნია, რომ უფლება არ გაგაჩნია. ჩვენ გვჭირდება სრულფასოვანი ცხოვრება – გვქონდეს სამსახური, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და ა.შ.
ამ ეტაპზე შშმ პირების ცნობიერება მეტ-ნაკლებად ამაღლებულია, მითუმეტეს, მშობლების. ძირითადად, 18 წლამდე ბავშვებზეა სერვისები გათვლილი. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია 18+ს რეაბილიტაციის სერვისი. გადაუდებლად საჭიროა კომპლექსური თერაპიის ჩატარება. სკოლებს სპეციალური ასისტენტი უნდა ჰყავდეს, რაც ყველა სკოლაში არ არის უზრუნველყოფილი, ან ფსიქოლოგის მომსახურება, რაც საჭიროა ყველასთვის. ახლა, ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს და შემდეგ ამ ყველაფერს მივაწვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ხავთასი ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი შშმ პირია, რომელიც მოიპოვა მანდატი და ახლა საკრებულოს დარბაზიდან გააჟღერებს იმ პრობლემებს, რაც მათ აქვთ.
ვლადიმერ ხავთასი: პირველ რიგში, ვითანამშრომლებ შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებთან. შემუშავდება პროექტები, სადაც იქნებიან ჩართულები შშმ პირები სპორტული, კულტურული, სოციალური კუთხით.
მოეწყოს ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, გასაჩერებელი ადგილები, პარკირების ადგილები, შენობა-ნაგებობები.
ვლადიმერ ხავთასის თქმით, ის აქტიურად იმუშავებს და ითანამშრომლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ საბჭოთან.
“ყოველთვის აქტიური ვიქნები იმ საკითხების წამოწევის დროს, რომლის გადაჭრაც აუცილებელი იქნება შშმ პირებისთვის. ძალიან ბევრი პრობლემები არის და მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ამ პრობლემების გადაჭრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით“, – გვითხრა ვლადიმერ ხავთასმა.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშავს, რომ შშმ პირების აქტიურობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, მაინც რჩება ისეთი ხშირად გადაულახავი ბარიერები, რაც მათ აქტიურ ჩართულობას აფერხებს. განსაკუთრებით, შშმ ქალებს ტოვებს სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მიღმა.
ანა აბაშიძე: შშმ ქალები, სხვა დამატებითი ბარიერებს აწყდებიან, მაგალითად, როგორიც არის სტერეოტიპები – ქალი, პირობათად, უნდა იყოს ოჯახში, ზრუნავდეს ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე, მეუღლეზე, რაც შემდეგ გამორიცხავს მათ ჩართულობას აქტივიზმში. ამას დამატებული არის რეპროდიქციული საჭიროებები, ჯანდაცვის სერვისები. აქ პრობლემებს განსაკუთრებით ის ქალები აწყდებიან, რომლებიც არ მუშაობენ.
განსაკუთრებული პრობლემებია რეგიონებში, სადაც ქალებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად, ხშრად უწევთ ერთიდან მეორე მუნიციპალიტეტში წასვლა, რაც მისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია, როგორც ფინანსური კუთხით, ისე ოჯახის გამო. შშმ ქალები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, განსაკუთრებით დატვირთულები არიან, ვიდრე კაცი შშმ პირები. ჩვენს დროში არიან ქალები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სამინისტროს ზოგიერთ სერვისზე. მაგალითისთვის ვიტყვი _ ქალს, რომელსაც მენჯ-ბარძაყის პრობლემა აქვს და ვთქვათ, გინეკოლოგიური მომსახურება ესაჭიროება, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის არცერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იქნება აღჭურვილი ადაპტირებული სამედიცინო ტექნიკით.
_ ანა, სამოქალაქო სექტორში რამდენად აქტიურები არიან შშმ პირი ქალები?
_ ზოგადად, რომ გადავხედოთ სამოქალაქო სექტორს, ქალები აქტიურად არიან ჩართულები. რაც შეეხება შშმ ქალებს, მინდა ვთქვა, რომ შშმ თემში მიდის პოზიტიური ტენდეცია და აქტიურად ჩნდებიან. აქტიურები არიან, როგორც შშმ ქალები, ასევე, მათი მშობლებიც. ქმნიან ორგანიზაციებს რეგიონებსა და ცენტრში და მათი აქტიურობა აშკარად თვალშისაცემია, რაც ძალიან კარგია. მაგალითად, ოზურგეთზე რომ ვისაუბროთ, თუ გადავხედავთ შშმ ქალების აქტიურობას, წლების წინ უფრო ნაკლებად ჩადნენ საზოგადოებაში. ახლა, მათი რიცხვი სამოქალაქო აქტივობებში მეტად შესამჩნევია და აშკარად აქტიურები არიან. მისაღებია მათი აქტიურობა, რადგან შშმ პირების პრობლემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და უფრო მეტად მოხდება ამ პრობლემების გადაჭრა–მოგვარება. როგორც იქნა, მივედით იმ ეტაპამდე, რომ შშმ პირები და მათი მშობლები უფრო აქტიურად საუბრობენ იმ საკითხებზე, რაც მათ პრობლემურად მიაჩნიათ და აქედან გამომდინარე, უკვე ყველგან ისმის მათი ხმა.
მისასალმებელია, როცა შშმ ქალები აქტიურად გამოდიან სხვადასხვა ღონისძიებაზე და ახმოვანებენ შშმ პირების მოთხოვნებს, სურვილებსა და ა.შ. რაც შეიძლება ყველგან უნდა ისმოდეს მათი ხმა. უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, რადგან მათ მიერ გახმოვანებული თითოეული საკითხი და წინადადება უნდა იყოს დაკმაყოფილებული და მოგვარებული. ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით _თუ გინდათ, რამე სწრაფად და დროულად შეიცვალოს, თქვენ უნდა იყოთ ამ ბრძოლის ფლაგმანები.
2020 წელს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოაქვეყნა ანგარიში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საჭიროებების შესწავლა ქალთა სამომავლო გაძლიერებისთვის.
ანგარიში აღნიშნულია საკვლევი საკითხები და მიგნები.
ამონარიდი ანგარიშიდან: – შშმ ქალების წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადვოკატირების პროცესებში მათ მონაწილეობას, მათ მიერ ადვოკატირების პროცესების ინიცირებასა და წარმართვას; ფიზიკური, სოციალური და სისტემური ბარიერები, რომელებიც ხელს უშლის შშმ ქალებს დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები, მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებსა და განხილვებში, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გახდნენ ლიდერები და გავლენა იქონიონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე; დამოკიდებულებითი ბარიერები, რომლებიც შშმ ქალებს ხელს უშლის გაძლიერებასა და ლიდერებად ჩამოყალიბებაში; შშმ პირთა თემში არსებული ბარიერები, რის გამოც შშმ ქალები ვერ ახერხებენ გაერთიანებას შშმ ქალთა მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად; შშმ ქალთა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის კონტექსტების შესწავლა, რომლებიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში აფერხებს შშმ ქალების გაძლიერებას; შშმ ქალთა ორგანიზაციებში არსებული სირთულეები, რაც მათ გაძლიერებას უშლის ხელს.
მიგნებები წინამდებარე ანგარიში აჩვენებს, რომ ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, შშმ ქალები კვლავ აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულ ჩართვასა და მონაწილეობას. შესაბამისად, შშმ ქალთა არასაკმარისი რაოდენობაა წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში.
ამის გათვალისწინებით, გარკვეული ხარვეზებია შშმ ქალთა სპეციფიკურ გამოწვევებზე რეაგირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ქალებთან გათანაბარებული შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ამ პროცესების შემაფერხებელ მთავარ ბარიერებს მოიცავს: შშმ ქალთა თემში არსებული აზრთა სხვადასხვაობა შშმ ქალების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით; შშმ თემში არსებული ლიმიტირებული რესურსები და კონკურენცია; შშმ ქალთა შინაგანი მდგომარეობა (თვითსტიმგა, საჭიროებების გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები); დისკრიმინაციული დამოკიდებულებები შშმ კაცების მხრიდან; განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის ნაკლებობა, რაც კრიტიკულია საზოგადოებაში შშმ ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობისთვის; შშმ ქალთა ორგანიზაციების სუსტი ზეგავლენა შშმ ქალთა საკითხების ლობირებაზე; შშმ ქალთა ფიზიკური ავტონომიის, სერვისებზე მისაწვდომობის ნაკლებობა და ოჯახის წევრების ზემზრუველობითი დამოკიდებულება; შშმ ქალთა ორგანიზაციების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა; შშმ ქალთა ორგანიზაციებში მომუშავე შშმ ქალების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული სირთულეები.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ კონკრეტულ ბარიერებსა და გამოწვევებზე, რომლებიც პლატფორმის გაძლიერებას აფერხებს. კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა მთავარი რეკომენდაციები შშმ ქალებისა და მათი ორგანიზაციების გაძლიერებისთვის.
[sexy_author_bio]