“გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა რაოდენობის “ტამიფლუ“ გაიცა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან?
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მედიკამენტის გაცემა ოჯახის ექიმის რეცეპტის გამოწერის საფუძველზე ხდებოდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოზურგეთში 330 დოზა “ტამიფლუ“ იყო გამოგზავნილი.
“2019 წლის 4 იანვარს მივიღეთ ახალი დოზა. ამ დროისთვის 316 დოზა არის გაცემული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ცენტრში იყო 86 დოზა წამალი, რომელიც 2018 წელს მივიღეთ. წამლებს კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ვიღებთ“, _გვითხრა მაია ქუტიძემ.
ჯერჯერობით, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ზუსტად არ იციან, როდის მიიღებენ “ტამიფლუს“ ახალ პარტიას.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უფასოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.