ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კონცეფციაა „ამერიკა პირველ რიგში“, ჩვენი კონცეფციაა „საქართველო პირველ რიგში“. ამ მიზნების რეალიზებისთვის ორი ქვეყნის ინტერესები არის სრულ თანხვედრაში. შესაბამისად, ჩვენი საერთო პრიორიტეტია საქართველოსა და ამერიკას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება“, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას სამ ძირითად საკითხზე საუბარს აპირებს:
„ხვალ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსისთან მე მექნება საუბარი სამ ძირითად საკითხზე.
პირველ რიგში, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა აღმოსავლეთით მთელს კონტინენტზე საქართველო არის აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ყველაზე უფრო საიმედო პარტნიორი და ეს რეალობა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვისაუბრებ იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლების დემოკრატიული პოტენციალი არ არის ის მაქსიმუმი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე ამას დავამტკიცებთ. საამისოდ კი გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მეგობრების მეტი დახმარება, რათა საკონსტიტუციო თუ სხვა პროცესებშიდაცული იყოს დემოკრატიის მაღალი სტანდარტები.
და ბოლოს, საქართველოს ეკონომიკური ძლიერება და მოქალაქეების კეთილდღეობა არის აუცილებელი წინაპირობა, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ღირსეული და საიმედო პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომ ორივე მხარის ინტერესებშია საქართველოს გაძლიერებისთვის კომპლექსური და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, გარკვეულწილად „მინი მარშალის გეგმა“, რისი პრეცედენტებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, _ აცხადებს უსუფაშვილი.