აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს.
ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე მათი რაოდენობა გაცილებით შემცირებულია, ვიდრე შარშან.
რაც შეეხება მოსავალს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, ზოგადად, მთლიანი ზარალის მხოლოდ 10% თუ იქნება აზიური ფაროსანას მიზეზით. ამ უწყებებში ამბობენ, რომ აგროტექნიკურ ვადებში დადგენილი წესების დაცვით წამლობის შემთხვევაში ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი.
გასულ წელს სახელმწიფოს მიერ დარიგებული პრეპარატით შეწამლა თხილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მცხოვრებმა ფერდინანდ გუჯაბიძემ და როგორც თავად ამბობს, კარგი მოსავალიც მიიღო.
„წელს სამჯერ შევწამლე თხილი _ პირველად მხოლოდ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით, შემდეგ მასში ვურევდი ნაცრის საწინააღმდეგო პრეპარატსაც და გასულ წელთან შედარებით ძალიან კარგი მოსავალი მივიღე. სიდამპლეზეც შევწამლე წელს პირველად. შარშან არ შემიწამლია და თითქმის არც იყო თხილი. წელს სამეზობლოში ვინც არ შეწამლა, ვერავინ მიიღო მოსავალი,“ _ ამბობს ფერდინანდ გუჯაბიძე.
თხილი, ასევე, ციტრუსი შეწამლეს აჭარაშიც, თუმცა ზოგიერთი ფერმერი ამბობს, რომ სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო.
ქობულეთის სოფელ გვარაში მცხოვრები ჯონი ბოლქვაძე გვეუბნება, რომ მან თხილი რამდენჯერმე შეწამლა, თუმცა ყველა წამლობა ვერ ჩაატარა და ცოტა იზარალა კიდეც: „მხოლოდ სამჯერ შევწამლე თხილი. მიმაკლდა ორი-სამი წამლობა, თუმცა შარშანდელზე მეტი მოსავალი მაინც მივიღე. ყველა წამლობა რომ ჩამეტარებინა, ალბათ ასპროცენტიან შედეგს მივიღებდი. ფაროსანაზეც შევწამლე და სიდამპლის ვირუსებია, ნაცარი, სოკო, ტკიპა… კომბინირებულ წამლობას ვატარებდი. ახლობელსაც აქვს ბაღი და არ დაუწამლია, შესაბამისად, ვერც მოსავალი მიიღო.“
ფერმერი ამბობს, რომ მოსავალი, მართალია, მეტი მიიღო, მაგრამ შარშან თხილი გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე წელს. „წელს 10 კაკალ გატეხილ თხილში 8-9-ს თუ ჰქონდა საღი გული, 5-5,5 ლარს იხდიდნენ. მე, მაგალითად, 10-ში 6 ამომივიდა და 3,20 ლარად გავყიდე. ლარიდან ორ ლარამდე იხდიდნენ თუ ათიდან 2-3 გული ამოვიდოდა საღი. შარშან ნაკლები მოსავალი მოვიდა, მაგრამ 4,7 ლარად გავყიდე კილოგრამი თხილი“, _ გვიყვება ჯონი ბოლქვაძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, წელს ნებისმიერ დაზიანებულ კულტურაში, მათ შორის თხილში, აზიური ფაროსანას წვლილი 10%-ს არ აღემატება, დანარჩენი კი სხვადასხვა დაავადებით არის გამოწვეული:
„ფაროსანას მოქმედების ეფექტი ძალიან მიზერულია წელს ციტრუსში, ვინაიდან, როდესაც ციტრუსი შევიდა სიმწიფის სტადიაში და ის ფაროსანასთვის იყო მისაღები საკვები, ფაროსანამ დაიწყო გამოსაზამთრებლად გადაადგილება და ციტრუსზე მავნებლობა ვეღარ მოახდინა,“ _ ამბობს მამუკა თურმანიძე.
ციტრუსი წელს აზიური ფაროსანასგან დასაცავად სახელმწიფომაც შეწამლა და ფერმერების ნაწილმაც.
ჯონი ბოლქვაძე ამბობს, რომ ციტრუსს ყველა წამლობა ჩაუტარა და მოსავალიც კარგია: „ფაროსანას „ნამუშევარიც“ შეიმჩნეოდა, მაგრამ დავწამლე ორ-სამჯერ და შედეგი იყო. ფაროსანა უნდა მწყემსო როდის გამოჩნდება და იმის მიხედვით უნდა შეწამლო ბაღი. თხილს სხვა დროს სჭირდება წამლობა, მანდარინს სხვა დროს. ამასთან, ამინდის შერჩევაც საჭიროა და ყველა ფერმერი ალბათ ვერ ახერხებს ამას. მესმის, რთულია, მაგრამ ეს რომ არ გააკეთო, ისე მოსავალს ვერ მიიღებ. ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალი ნაკლებია, მაგრამ რაც არის, ხარისხიანი, სტანდარტული მანდარინია“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის რევაზ ზენაიშვილის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას ჰქონდა შედეგი. ეს გამოიხატა იმაში, რომ გასულ წელთან შედარებით ფაროსანას რაოდენობა ანუ პოპულაცია სამ-ოთხჯერ არის შემცირებული, ხოლო სწორი წამლობის შემთხვევაში მავნებელი მოსავლიანობაზეც ნაკლებად ახდენს გავლენას:
„შარშან ოქტომბრის დასაწყისიდან სავსე იყო ამ მავნებლით საცხოვრებელი სახლები, წელს ასე არ არის. თითქმის საერთოდ არ გაფუჭებულა ციტრუსი, კივი, იქ, სადაც შეწამლეს. შარშან, წლის ბოლოს მოსახლეობას დაურიგდა 2 ჰექტრის საყოფი პრეპარატი და ზოგმა გამოიყენა წელს, ზოგმა არა. სიმინდის მასივების შეწამვლა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე და შეწამლა კიდეც სველი შესხურების მეთოდით. წელს რომ სიმინდის მოსავალი იყო ლანჩხუთში, ასეთი ალბათ კომუნისტების შემდეგ არ ყოფილა. არსად არ იყო ფაროსანას მიერ დაზიანებული სიმინდი. თუმცა არის კერძო ნაკვეთები მოსახლეობაში, სადაც 20-30% იყო დაზიანება, ვინაიდან არ შეწამლეს“, _ ამბობს რევაზ ზენაიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, თეა კუპრაძე კი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლიანობამ შეადგინა დაახლოებით 3 ათასი ტონით მეტი (11 ათას ტონამდე), ვიდრე გასულ წელს, ხოლო სიმინდის მოსავლიანობა შედარებით ნაკლები იყო. მიმდინარე წელს შეადგინა დაახლოებით 3 600 ტონა, რაც წინა წელთან შედარებით 3 700 ტონით ნაკლებია. რაც შეეხება ციტრუსს, წინასწარი პროგნოზით ოზურგეთში მიმდინარე წელს, დამზადდება 12 500 ტონამდე ციტრუსი, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ტონით მეტია.
თხილსა და ციტრუსს აჭარასა და გურიაში ათობით სხვადასხვა დაავადება აქვს.
„ჩვენი დაკვირვებებით აზიური ფაროსანას პოპულაციასთან შედარებით ზარალი წელს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. ოზურგეთში ზარალი, ძირითადად, თხილის პლანტაციებში გამოიკვეთა. გარდა აზიური ფაროსანისა, თხილის პლანტაციებში, ძირითადად, გავრცელებულია ამბროზიის ხოჭო, კვირტის ტკიპა, ხარაბუზა და სხვა მავნებელ-დაავადებები. ციტრუსოვანთა ნარგავების ძირითადი მავნებლებია: ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ციტრუსოვანთა ბეწვიანი, წითელი და ვერცხლისფერი ტკიპები; იაპონური ჩხირისებრი, ყავისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ა.შ. დაავადება კი მალსეკო (ხმალა), გომოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი, მეჭეჭიანობა და ა.შ. სიმინდის მავნებლებიდან აღსანიშნავია ხვატარი და ა.შ.“ – ამბობს თეა კუპრაძე.
რევაზ ზენაიშვილის თქმით კი, გურიაში „არ არის კულტურა შეწამვლის, არ ჰქონიათ ადრე ასეთი პრევენციული ღონისძიებები და წელს პირველად, მოსახლეობის ალბათ 20-მა პროცენტმა თუ შეწამლა თხილი. ზოგმა ხეხილიც შეწამლა და ხურმა, მსხალი, ვაშლიც გადაარჩინა. გურიასა და აჭარაში სულ ცოტა 30-35 სახეობის ხეხილი აქვთ მცირე ნაკვეთებზე ფერმერებს. ეს ხეხილი სხვადასხვა დროს მწიფობს და წინასწარ ვერ შეწამლავ, ბუნებრივია. ამიტომ ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს საკუთარი ეზოს ფენოკალენდარული სქემა, რა ხილი აქვს და იმის მიხედვით როდის რა შეწამლოს. 4-5-ჯერ და მეტჯერ ვისაც მოუწია შეწამლვა, იმან გადაარჩინა მოსავალი“.
რევაზ ზენაიშვილი ამბობს, რომ ფენოკალენდარული სქემის მიხედვით, ფერმერმა 1 ჰექტარ თხილის ბაღს რომ მოუაროს, ყველა ხარჯის ჩათვლით, წელიწადში დაახლოებით 300-400 ლარი დასჭირდება: „კარგი თხილი 7 ლარიც კი ღირდა კილოგრამი და ჰექტარზე მინიმუმ 1,5 ტონა მოსავალი რომ იანგარიშო, ფარავს ხარჯებს და მოგებასაც ტოვებს“.
2018 წელს აჭარასა და გურიაში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით სულ 205 ათას 857 ჰექტარი ფართობი შეიწამლა. აქედან 175 ათას 150 ჰექტარი თერმული ნისლის, ხოლო 30 ათას 307 ჰექტარი ცივი შესხურების მეთოდით (წყარო: ფაროსანასთან ბრძოლის შტაბები)
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც სამეგრელოს რეგიონშია განთავსებული, აცხადებენ, რომ შეწამვლითი ღონისძიებები მომავალი წლის თებერვლის ბოლოს ან მარტში განახლდება, ზამთრის პერიოდში კი მოსახლეობამ ფაროსანასთან საბრძოლველად მექანიკური საშუალებები უნდა გამოიყენოს.
შტაბის ოპერატორის, მარიამ ჩიქოვანის ინფორმაციით, სამომავლოდ მოსახლეობას აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები აღარ დაურიგდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის ინფორმაციით, გასულ წელს მოსახლეობაში ფენომონებთან ერთად დარიგდა 230 ათასი ლიტრი შესაწამლი პრეპარატი. მისივე თქმით, წელს სახელმწიფომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ოთხი მიმართულებით აწარმოა – მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მონიტორინგი, მაღალი პოპულაციის ადგილების დადგენა/წამლობა და სამეცნიერო წრის ჩართულობა-კვლევები.
„მარტის თვიდან დავიწყეთ ფერომონობის განთავსება, 30 აპრილიდან შეწამვლითი ღონისძიებები. აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში წელს, ჯამში, 780 ათასი ჰექტარი შევწამლეთ. თუ გასულ წელს 15 სპეცტექნიკა გვყავდა, წელს მათი რიცხვი 150-მდე იყო. თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერმერების ჩართულობას ამ ღონისძიებებში. შემიძლია ვთქვა, რომ წელს იმ ფერმერების რიცხვიც გაიზარდა, ვინც ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით ატარებს ღონისძიებებს საკუთარ ნაკვეთებში და აქვთ საუკეთესო შედეგი. 2012 წელს, როცა აზიური ფაროსანა არ იყო გავრცელებული, ანასეულში მეცნიერებმა, გურიის მასშტაბით თხილში 51 სხვადასხვა დაავადება გამოავლინეს. ამ დაავადებებთან ბრძოლა კი, წესების დაცვით, აუცილებელია“, _ ამბობს ნიკა მესხი.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.