საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ, ერთობლივ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებში აზრსაა მოკლებული და არალოგიკურია.
„საკონსტიტუციო კომისიამ მასში შევმავალ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღო დოკუმენტი როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ იცვლება პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირით, როგორ უქმდება უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე – ეს დოკუმენტი კომისიის იმ წევრებმა მიიღეს ერთობლივად, რომლებთანაც კონსპირაციულ შეთქმულებებში გვადანაშაულებდნენ. და სად არის აქ ლოგიკა? – თუ ასეთი ტიპის კონსპირაციულ შეთქმულებებს ვალაგებთ, გამოდის, რომ ჩვენ ვალაგებთ იმ კონსტიტუციურ პროექტს, რომელიც ამ კომისიამ მიიღო“, _ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, როდესაც უმრავლესობა თვითიზოლაციაშია და სხვისი აზრის გათვალისწინებაზე ცალსახად უარს ამბობს, სხვადასხვა სახის კონსპირაციული შეთქმულებების თეორიები ჩნდება.
„ერთერთი ასეთი მთავარი კონსპირაციის თეორია ჩამოყალიბდა სწორედ ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩვენ, თურმე, ვესაუბრებით საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე, კომისიის დატოვებაზე და ა.შ. რაც აშკარად, ლოგიკასაა მოკლებული“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად პროექტს „კონსტიტუცია ყველასია“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პრეზიდენტი სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობას ხვდება და მათ აზრს ისმენს. გიორგი აბაშიშვილის განაცხადებით, აღნიშნული ფორმატი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაეხმარება. მისი აზრით, მმართველმა გუნდმა არ იცის, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა დღეს.