“ვხედავთ, რომ წინა კვირისგან განსხვავებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება – თუ წინა კვირის დასაწყისში გვქონდა დაახლოებით 1900 შემთხვევა, დღეს უკვე გვაქვს 3000 -მდე. შესაბამისად, 7 ნოემბერს, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრებისა და შემდგომი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა (როგორც ქვეითად, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებით), – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც შეზღუდვა არ ვრცელდება.
„ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კონკრეტული მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე,”- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილ ქალაქებში საქმიანობა შეაჩერეს მუნიციპალურმა და კერძო საბავშვო ბაღებმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144 -ის მეშვეობით.
„ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში საქმიანობა შეაჩერეს მუნიციპალურმა და კერძო საბავშვო ბაღებმა. ასევე, ამ ქალაქებში მიღებულია სპეციალური ზომები დღის განმავლობაში მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144 -ის მეშვეობით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144 – 1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს 18:00 საათიდან. დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს – ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს!,”- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.