ბახმაროში ახალი სასტუმრო-კომპლექსის აშენება იგეგმება.
როგორც “ბათუმელები” იუწყება, ახალი უბნის აშენება დაგეგმილია ბახმაროს შესასვლელში, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ [ბახმაროს აბრასა და ვერტოდრომს შორის მდებარე ნაკვეთზე].
საპროექტო ტერიტორიაზე მოიაზრება შემდეგი ობიექტების განთავსება: სასტუმრო კომპლექსი, რესტორანი, საცხოვრებელი კოტეჯები, სეზონური საბავშვო ბაღი და სათამაშო ასევე სპორტული მოედნები, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები, მომსახურების ობიექტები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ბახმაროში ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი მომზადებულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის ანგარიშიც გადაგზავნილია.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა, გარკვეული დეტალების დაზუსტებამდე, შეწყვიტა.