მეცხოველეობის წარმოშობა ჯერ კიდევ იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი იყო და არის.
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ხბოს დაცვის რეგლამენტი მიიღო, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ხბოების შემდეგ კი ღორების ჯერიც დადგა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული რეგლამენტები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას უკავშირდება და 2028 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
დადგენილებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ხბოების დაცვის შესახებ წესში ვკითხულობთ:
“ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები” (შემდგომში _ წესი) ადგენს ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.
ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ სააგენტო).
ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები
- ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით, ავზი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.
- ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.
- იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისთვის ზიანის მომტანი არ იქნება.
- ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა ავტომატური და მექანიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ერთხელ დღეში. ხარვეზ(ებ)ი აღმოჩენისას უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ ან, თუ ეს შეუძლებელია, ხარვეზის გამოსწორებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული (ალტერნატიული მეთოდები განსაკუთრებით გამოკვებისა და დამაკმაყოფილებელი გარემოს შენარჩუნებისთვის) ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. სადაც ხელოვნური ვენტილაციის სისტემა გამოიყენება, ასევე მოწყობილი უნდა იქნეს სარეზერვო სისტემა, რაც ძირითადი სისტემის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰაერის განახლებასა და ხბოების კეთილდღეობას. სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ასევე უნდა მოქმედებდეს საგანგაშო სისტემა, რათა გაფრთხილებულ იქნეს ცხოველების მომვლელი გაუმართაობასთან დაკავშირებით. საგანგაშო სისტემა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
- დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.
- სადგომში განთავსებული ყველა ხბო მფლობელის ან პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ორჯერ დღეში, ხოლო ხბოები, რომლებიც გარეთ არიან განთავსებულნი _ დღეში, სულ მცირე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან დაზიანებულია, დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს ვეტერინარის დანიშნულებით შესაბამის მკურნალობას და ნებისმიერი ხბო, რომელიც არ რეაგირებს მფლობელის მოვლაზე/კონტაქტზე, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ვეტერინარის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ან ავადმყოფი ხბოები უნდა იყვნენ იზოლირებულნი ადეკვატურ პირობებში, მშრალ და კომფორტულ ქვეშსაგებზე.
- სადგომი უნდა იყოს ხბოებისთვის ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება, ადგომა და საკუთარი თავის გასუფთავება სირთულის გარეშე.
- ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმულნი, გარდა ჯგუფურად განთავსებული ხბოებისა, რომლებიც დაბმულნი უნდა იყვნენ არა უმეტეს ერთი საათისა რძით ან რძის შემცვლელით გამოკვებისას. საბელის გამოყენებისას საბელმა არ უნდა გამოიწვიოს ხბოების დაზიანება და უნდა შემოწმდეს რეგულარულად და შეიცვალოს საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი კომფორტული მორგება. თითოეული საბელი ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ აცილებულ იქნეს დახრჩობის ან დაზიანების რისკი და ხბოს უნდა შეეძლოს გადაადგილება.
- სადგომი, ავზი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსთვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაინფიცირება და დაავადების მატარებელი ორგანიზმების დაგროვება. ფეკალიები, შარდი, ნარჩენი ან დაღვრილი საკვები მოცილებული უნდა იქნეს საჭირო ინტენსივობით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუნი და აცილებულ იქნეს თავიდან მწერებისა და მღრღნელების მოზიდვა.
- იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისთვის ტკივილის ან ზიანის მიყენება მასზე დგომის ან წოლის დროს. იატაკი უნდა იყოს თანაბარი და მყარი, ხბოს ზომისა და წონის შესაბამისად. დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, შესაბამისი დრენაჟით და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე. ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშსაგებით.
- ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს დანიშნული შესაბამისი საკვები რაციონი, რომელიც ადაპტირებულია მათ ასაკთან, წონასა და ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს საკმარის რკინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისხლის ჰემოგლობინის საშუალო დონე, სულ მცირე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და ორ კვირაზე მეტი ასაკის თითოეული ხბოს ყოველდღიური მინიმალური რაციონი უნდა მოიცავდეს უჯრედანას, რომლის რაოდენობა ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვიდან ოცი კვირის ასაკის მქონე ხბოებისთვის. ხბოებს არ უნდა ეკეთოთ ალიკაპი.
- ყველა ხბო უნდა იკვებებოდეს, სულ მცირე, 2-ჯერ დღეში. სადაც ხბოები განთავსებულნი არიან ჯგუფურად და არ იკვებებიან შეუზღუდავად ან ავტომატური გამოსაკვები სისტემით, ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებთან ერთსა და იმავე დროს.
- ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკმარისი რაოდენობის ახალ წყალზე ან უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს სითხის მიღებაზე მოთხოვნილება სხვა სითხეების მიღებით. თუმცა ცხელი ამინდის პირობებში ან ხბოსთვის, რომელიც არის ავად, ახალი დასალევი წყალი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
- საკვებურები და საწყურებლები ისეთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ისე უნდა იყოს განთავსებული და მოვლილი, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ხბოს საკვებისა და წყლის დაბინძურება.
- ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ 6 საათში”, _ წერია დადგენილებაში.
მსგავსი რეგლამენტი, რომელიც ღორების შესახებ დამტკიცდა, ასე გამოიყურება:
“ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები” (შემდგომში _ წესი) ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის.
ეს წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.
ამ წესის შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ სააგენტო).
ყველა სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
_ იატაკის საერთო თავისუფალი ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და თითოეული ნეზვისთვის, როდესაც სანეზვე ბურვაკი და/ან ნეზვი ინახება კოლტში, უნდა იყოს შესაბამისად, სულ მცირე, 1,64 კვმ და 2,25 კვმ. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება ექვს ინდივიდზე ნაკლები რაოდენობის, იატაკის თავისუფალი ფართობი უნდა გაიზარდოს 10%-ით. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება 40 ან 40 ინდივიდზე მეტი, იატაკის თავისუფალი ფართობი შეიძლება შემცირდეს 10%-ით.
_ იატაკის ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და მაკე ნეზვისთვის: ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფართობის ნაწილი, რომელიც უდრის არანაკლებ 0,95 მ 2-ს თითოეული სანეზვე ბურვაკისა და არანაკლებ 1,3 მ 2-ს თითოეული ნეზვისთვის, უნდა იყოს უწყვეტი (მთლიანი) მყარი იატაკი, რომლის მაქსიმუმ 15% რეზერვირებულია სანიაღვრე ღიობებისთვის;
ბ) თუ ბეტონის ფილებიანი იატაკი გამოიყენება კოლტად შენახული ღორებისთვის:
ბ.ა) ღიობების მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს:
ბ.ა.ა) ძუძუთა გოჭებისთვის _ 11 მმ;
ბ.ა.ბ) მაწოვარასთვის _14 მმ;
ბ.ა.გ) გამოსაზრდელი ღორისთვის −18 მმ;
ბ.ა.დ) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის _ 20 მმ;
ბ.ბ) რიკულის/ძელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს:
ბ.ბ.ა) ძუძუთა გოჭისა და მაწოვარასთვის _ 50 მმ;
ბ.ბ.ბ) გამოსაზრდელი ღორისთვის, სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 80 მმ.
_ იმ კონსტრუქციაზე ან ინსტალაციაზე, რომელშიც ნეზვი და სანეზვე ბურვაკი არიან განთავსებული, აკრძალულია მათი მიბმა.
_ ნეზვი და სანეზვე ბურვაკი უნდა ინახებოდეს კოლტად, დაწყებული ოთხი კვირის შემდეგ მომსახურებიდან მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე. ბაკს, სადაც კოლტი ინახება, გვერდები უნდა ჰქონდეს 2,8 მ-ზე მეტი სიგრძის. როდესაც კოლტში ინახება ექვსზე ნაკლები ინდივიდი, ბაკს, სადაც კოლტი ინახება, უნდა ჰქონდეს 2,4 მ-ზე მეტი სიგრძის გვერდები.
_ ამ მუხლის მე-4 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სადგომში 10-ზე ნაკლები ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება ინახებოდნენ ინდივიდუალურად იმავე პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ, ადვილად შემობრუნდნენ თავიანთ ბაკში/ფართში.
_ კოლტში შენახული ნეზვისა და სანეზვე ბურვაკის კვება უნდა გახორციელდეს ისეთი სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდისთვის საკმარისი საკვების მოპოვებას მაშინაც კი, როცა კონკურენციაა საკვებისთვის.
_ ყველა მშრალ მაკე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს, შიმშილის დასაკმაყოფილებლად და ღეჭვის საჭიროების გათვალისწინებით, უნდა მიეცეს საკმარისი რაოდენობით ნაყარი ან ბოჭკოვანი საკვები, ასევე მაღალი ენერგეტიკული საკვები.
_ ღორები, რომლებიც უნდა ინახებოდნენ კოლტებად, განსაკუთრებით აგრესიულები, რომლებსაც თავს დაესხნენ სხვა ღორები ან არიან ავად ან დაშავებულები, შეიძლება, დროებით ინახებოდნენ ინდივიდუალურ ბაკში. ამ შემთხვევაში გამოყენებული ინდივიდუალური ბაკი საშუალებას უნდა აძლევდეს ცხოველს, ადვილად შემობრუნდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონკრეტულ ვეტერინარულ რჩევას.
_ ნეზვისა და სანეზვე ბურვაკისთვის საბელის გამოყენება აკრძალულია.
_ შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური;
_ ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი;
_ ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ:
გ.ა) ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად;
გ.ბ) დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება;
გ.გ) სხვა ღორების დანახვის საშუალება; თუმცა, მოსალოდნელ მშობიარობის დრომდე ერთი კვირით ადრე და მშობიარობის დროს, ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება, მოცილდნენ კონსპეციფიკურ (იმავე სახეობას მიკუთვნებულ) ორგანიზმთა მხედველობის არეს;
_ ღორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მასალაზე (როგორიცაა: ჩალა, თივა, ხე, ნახერხი, სოკოს კომპოსტი, ტორფი ან მათი ნაზავი, რომელიც არ აყენებს ზიანს ცხოველთა ჯანმრთელობას), რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ძიებისა და მანიპულაციებთან დაკავშირებული აქტივობები;
ე) იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი;
ვ) ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს;
ზ) ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე;
თ) ყველა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ჩარევას (რომელიც გახორციელდება თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა ან ღორების იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით) და იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას, აკრძალულია, გარდა შემდეგი პროცედურებისა:
თ.ა) ძუძუთა გოჭის კუთხოვანა კბილების ერთგვაროვანი შემცირება ზედაპირის მოხერხვით/გაპრიალებით ან მოჭრით არაუგვიანეს მისი სიცოცხლის მეშვიდე დღისა, იმ პირობით, რომ მას დარჩება კბილი დაუზიანებელი (ჯანმრთელი) გლუვი ზედაპირით; კერატი მწარმოებლის ეშვი, საჭიროებისას, შეიძლება, შემცირდეს სიგრძეში, სხვა ცხოველების დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო;
თ.ბ) კუდის მთლიანი ან ნაწილობრივი მოშორება;
თ.გ) მამრი ღორის კასტრაცია ქსოვილების მოწყვეტის გარდა სხვა საშუალებებით;
თ.დ) ცხვირის ზარის ტარება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველები ინახებიან მეღორეობის გარე შენახვის სისტემაში და შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
- დაუშვებელია კუდის ფიქსაციისა და კუთხოვანა კბილების შემცირების რუტინული გახორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები აქვს ნეზვის ძუძუს ან სხვა ღორის ყურებს ან კუდს. ამ პროცედურების ჩატარებამდე უნდა იქნეს მიღებული სხვა ზომები კუდის დაკბენისა და სხვა მანკიერებების თავიდან ასაცილებლად, გარემოსა და კოლტის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამ მიზეზით უნდა შეიცვალოს არაადეკვატური გარემო პირობები ან მართვის სისტემები.
- ამ ნაწილის პირველ და მე-2 პუნქტებში აღწერილი ნებისმიერი პროცედურა უნდა გახორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის ან იმ პირის მიერ, რომელიც კომპეტენტურია ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად და გამოცდილია/ფლობს შესაბამის ტექნიკას შესაბამისი საშუალებების გამოყენებით და იცავს ჰიგიენურ პირობებს. თუ კუდის დამაგრება ან კასტრაცია ხდება სიცოცხლის მეშვიდე დღის შემდეგ, ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ ანესთეზიით და დამატებითი ხანგრძლივი ანალგეზიით ვეტერინარის მიერ.
_ კერატი მწარმოებელი:
ა) კერატი მწარმოებლის ბაკი უნდა იყოს განთავსებული და აგებული ისე, რომ ღორს შეეძლოს შემობრუნება და ესმოდეს, ყნოსავდეს (გრძნობდეს სუნს) და ხედავდეს სხვა ღორებს. ზრდასრული კერატი მწარმოებლისთვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფართობი უნდა იყოს, სულ მცირე, 6 კვმ;
ბ) ბაკის, რომელიც ასევე გამოიყენება ბუნებრივი მომსახურებისთვის ზრდასრული კერატი მწარმოებლისთვის, ხელმისაწვდომი იატაკის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 კვმ-სა და ბაკი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დაბრკოლებისგან.
_ ნეზვი და სანეზვე ბურვაკი:
ა) მიღებულ უნდა იქნეს ზომები კოლტში აგრესიის შესამცირებლად;
ბ) მაკე ნეზვი და სანეზვე ბურვაკი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამუშავდნენ გარე და შიდა პარაზიტების წინააღმდეგ. თუ ისინი მოთავსებული არიან მშობიარობისთვის განკუთვნილ სათავსში, მაკე ნეზვი და სანეზვე ბურვაკი კარგად უნდა გასუფთავდნენ;
გ) მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს უნდა მიეცეთ სათანადო საკმარისი რაოდენობის მასალა ბუდისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკურად არ არის შესაძლებელი ნაკელის/წუნწუხის გამწმენდი გამოყენებული სისტემის გამო;
დ) ნეზვის ან სანეზვე ბურვაკის უკან ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავისუფალი ადგილი/სივრცე ბუნებრივი ან გართულებული მშობიარობის შესამსუბუქებლად;
ე) მშობიარობისთვის განკუთვნილ ბაკში, სადაც ნეზვს ინახავენ, თავისუფლად უნდა იყოს ძუძუთა გოჭების დაცვისთვის გარკვეული საშუალებები, როგორიც არის მოაჯირი/ღობე.
- ძუძუთა გოჭები:
ა) მთლიანი იატაკის ნაწილი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველებმა ერთდროულად დაისვენონ, უნდა იყოს მყარი ან დაფარული ქვეშსაგებით ან დაფარული უნდა იყოს ჩალით ან სხვა შესაფერისი მასალით;
ბ) მშობიარობისთვის სადაც გამოიყენება გალია, ძუძუთა გოჭებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ შეძლონ ძუძუთი კვება უპრობლემოდ;
გ) დაუშვებელია 28 დღეზე ნაკლები ასაკის გოჭების ძუძუდან ასხლეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს უარყოფით ზემოქმედებას დედის ან ძუძუთა გოჭის კეთილდღეობაზე ან ჯანმრთელობაზე, თუმცა, დასაშვებია შვიდი დღით ადრე გოჭების ძუძუდან ასხლეტა, თუ ისინი გადაყვანილნი იქნებიან სპეციალიზებულ საცხოვრებლებში, რომლებიც დაიცალა და კარგად დასუფთავდა და ჩაუტარდა დეზინფექცია ახალი კოლტის შეყვანამდე და რომლებიც განცალკევებულია იმ სათავსებიდან, სადაც ნეზვები ინახებიან, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული დაავადებების გადაცემა ძუძუთა გოჭებზე.
- მაწოვარა და გამოსაზრდელი ღორი:
ა) როდესაც ღორები კოლტად ინახებიან, მიღებულ უნდა იქნეს ზომები ჩხუბის, რომელიც სცილდება ნორმალურ ქცევას, თავიდან ასაცილებლად;
ბ) ისინი უნდა ინახებოდნენ კოლტებად, რაც შეიძლება ნაკლები შერევით. თუ ღორები, რომლებიც ერთმანეთს არ ცნობენ, უნდა იყვნენ შერეული, ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში, სასურველია წოვებამდე ან წოვებიდან ერთი კვირის შემდეგ. როდესაც ღორები შერეული არიან, მათ უნდა ჰქონდეთ ადეკვატური შესაძლებლობები გაქცევისა და სხვა ღორებისგან დამალვისთვის;
გ) როდესაც სასტიკი ბრძოლის ნიშნები შეინიშნება, მიზეზები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოკვლეული და შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული გამოკვლევისთვის, როგორიცაა, ცხოველებისთვის უხვი ჩალის მიწოდება, თუ ეს შესაძლებელია ან სხვა მასალების. რისკის ქვეშ მყოფი ან განსაკუთრებით აგრესიული ცხოველები უნდა ინახებოდნენ კოლტისგან განცალკევებით;
დ) შერევის გასაადვილებლად დამამშვიდებლის/ტრანქვილიზატორების გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებულ პირობებში და მხოლოდ ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ.
რას ისახავს მიზნად აღნიშნული რეგლამენტების მიღება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგიზ კალანდაძეს ვესაუბრეთ.
კალანდაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციების მიზანია ჯანსაღი პროდუქტის მიღება:
“ყველა მოქმედება არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი მოსახლეობა იღებდეს ჯანსაღ სურსათს. წლიდან წლამდე კონტროლი ძლიერდება წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო კონტროლი სრულიად მოშლილი იყო და გახსოვთ, ალბათ, რომ მივირთმევდით პროდუქტებს, რომელიც ეტიკეტირებულიც კი არ იყო. მაგალითად, რძის პროდუქტები. ასეთი რეგულაციები, რომელსაც წლიდან წლამდე ვიღებთ, არის განსაზღვრული მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ბავშვები, დიდები, მოხუცები, სპეციალური ჯგუფის პაციენტები, რომელსაც სპეციალური დანიშნულება აქვს კვების კუთხით, იკვებებოდეს ჯანსაღი სურსათით. ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო დიდ სამუშაოებს ეწევა. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ დადგენილებებს, შემდეგ ამის კონტროლის გახორციელებისთვის იხარჯება დიდი თანხები, ლაბორატორიული კვლევების კუთხით, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოთ უსაფრთხო კვებით”, _ ამბობს კალანდაძე.
_ რა გავლენა ექნება ამ რეგლამენტს ჩვეულებრივ გლეხზე?
_ ჩვენ ვზრუნავთ ჩვეულებრივ გლეხზეც. ისიც არის ჩვენი მომხმარებელი რომელიც იკვებება ჩვენი პროდუქტებით. ასე რომ, ეს გლეხისთვისაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს არ ეხება ისეთ მცირე ფერმას, სადაც ექვს სულამდე ნაკლები ხბოა.
ეს რეგულაცია 2028 წელს ამოქმედდება და მანამდე გარკვეული ღონისძიებები იქნება ჩატარებული ჩვენი ფერმერებისთვის.
წლიდან წლამდე გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას. სურსათის უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ჩვენ დაქვემდებარებაშია, ახორციელებს ვაქცინაციას, რომ ჯანმრთელი ცხოველი გვყავდეს. ასევე, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ფერმერები და მათ შეუძლიათ თანადაფინანსებით და გრანტებით ისარგებლონ, რაც ნიშნავს, რომ გააუმჯობესონ პირობები თავიანთ ფერმებში და მივიღოთ კარგი, ჰიგიენური, ჯანსაღი ფერმები სადაც გაიზრდება ჯანსაღი პირუტყვი და მივიღებთ ჯანსაღ სურსათს.
_ დაინტერესება როგორია ვაქცინაციის მიმართ?
_ ვაქცინაციას რაც შეეხება, ის ჩვენი მხრიდან უფასოდ კეთდება ფერმერებისთვის. რაც შეეხება ისეთ დაავადებებს, რაც სწრაფ გავრცელებას არ ექვემდებარება და არ არის საშიში, ასეთ შემთხვევაში ფერმერმა თავად უნდა უმკურნალოს პირუტყვს.
_ კიდევ თუ იგეგმება რაიმე სახის რეგლამენტის დამტკიცება?
_ ჩვენ 2014 წელს გავაფორმეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, 2027 წელს უნდა დამთავრდეს საკანონმდებლო დაახლოება და დღესდღეობით დაწერილია 150-ამდე სხვადასხვა რეგულაცია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, რაც იმის წინა პირობაა, რომ ჩვენ ამ პროდუქტებთან და ამ სექტორთან მიმართებაში ავწიოთ მაქსიმალურად სტანდარტები, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოთ შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქტით.
ამ რეგულაციების გეგმა წინასწარ არის შეთანხმებული ევროკავშირთან.
რომელ ცხოველის შესახებ შეიძლება მივიღოთ შემდეგი რეგულაცია, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მაგალითად შეიძლება დავწეროთ ქათმის ფერმების მოწყობის სტანდარტები.
ასევე, განსაზღვრულია რეგულაციებია სურსათის უვნებლობის კუთხით.
აქ საუბარია არა მარტო ცალკეული ცხოველების სადგომის მოწყობაზე, არამედ კვების რაციონის შემუშავებაზე, რეგისტრაციაზე, დაავადებების კვლევაზე.
სურსათის უვნებლობის კუთხით გამოვეცით ეტიკეტირების წესი, ფიტოსანიტარიის კუთხით გვაქვს წესი, როგორ უნდა გავახორციელოთ სხვადასხვა რეგულაციები მათი დაცვის კუთხით.
ავტორი