ოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია.
შეხვედრა ამაღელვებელი იყო.
საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის.
კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს.
_ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში, სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის ხე“, რომელზეც ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული.
„ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“… _ უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“ მიბნეული სურვილები.
შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია…“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს.
ელჩმა ბენეფიციარებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.