როცა თანამედროვე ქართულ ფილმებსა და სპექტაკლებს ვუყურებ – ჩემთვის ვიძახი ხოლმე _ აფსუს, რა მსახიობები გვყავდა- მეთქი! კიდევ კარგი რომ კინო და ვიდეოფირმა მათ მიერ შესრულებული როლები შემოგვინახა, თორემ დღევანდელი მსახიობების დიდ ნაწილს ამ პროფესიასთან არანაირი კავშირი არა აქვთ. მე მგონი მათი გაგებით სამსახიობო ხელოვნება ეს ისაა როცა ხელებსა და ფეხებს ენერგიულად აქნევ, რაც შეიძლება ხმამაღლა ღრიალებ და თვალებს პრაწავ… არადა, რისხვისა თუ ვნების გამოსახატავად ხშირად მხოლოდ ერთი გამოხედვა ან კიდევ ერთი ჟესტიც კი კმარა…
მრავალ ქვეყანაში დანერგილ და პოპულარულ კონსტანტინე სტანისლავსკის სისტემას უამრავი დამცველი და მოწინააღმდეგე ჰყავს, მე არც ერთის, არც მეორის ადვოკატი ვარ, მაგრამ ერთი ცხადია – ვერანაირი მეთოდი და თრეინინგი ვერ უშველის მსახიობს, თუ ნიჭი არა აქვს. ძალიან ბევრი მსახიობი ამ სისტემას საერთოდ არ ცნობდა, მაგალითად, უდიდესი მსახიობი ამერიკელი ჯორჯ სი სკოტი, რომელიც სისტემას ,,ნეხვის ბურთულას” უწოდებდა. ცნობილი ინგლისელი თეატრალური მსახიობი სერ რობერტ სტივენსი იხსენებდა ნიუ იორკში ნანახ ერთ სპექტაკლს, სადაც ამ მეთოდის მიმდევარი მსახიობები მონაწილეობდნენ. მათი თამაში იმდენად ყალბი და არაპროფესიონალური იყო, რომ სპექტაკლის შემდეგ ის, აღშფოთებული, ორ მოხუც რუს მსახიობს შეეკითხა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი სტანისლავსკის მეთოდზე. მათ პასუხი ასეთი იყო: თუ გაქვს სტანისლავსკის წიგნი ,,ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში” მდინარეში მოისროლეო. შეიძლება არანაირი კურსები არ ჰქონდეს გავლილი მსახიობს, მაგრამ ნიჭისა, შინაგანი ენერგიის და ქარიზმის წყალობით შეუძლია ნებისმიერ ცნობილი თეატრალური უნივერსიტეტისა და სახელოსნოს კურსდამთავრებულს აჯობოს. ,,უამრავი მეთოდი არსებობს, ჩემი კი შემდეგში მდგომარეობს – ბლომად ნიჭი, სასმელით სავსე ჭიქა და ბლომად ყინული”, – ამბობდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი და შეთავსებით ლოთი ჯონ ბერიმორი. სტანისლავსკის რა გითხრათ, მაგრამ კინოს ხალხს რომ სმა და ქეიფი უყვართ, ეს კი ვიცი (აი, ზემოთ რომ ჯორჯ სკოტი ვახსენე, ისიც მაგარი მსმელი ყოფილა). ბევრი მათგანი, საბოლოოდ, გადაყვა კიდეც ლოთობას და ჯერ კარიერა, შემდეგ თავიც დაიღუპა, თუმცა სასმელი ბევრწილად შველოდა მათ შემოქმედებით საქმიანობაშიც. ქართველებშიც ბევრი (ძალიან ბევრი) მსახიობი და რეჟისორი იყო ბახუსს ჩახუტებული. აი, მაგალითად, ვასო აბაშიძე – სიფხიზლეში ყოფილა დინჯი, უწყინარი და ჩუმი, როცა გადაჰკრავდა, სავსებით იცვლებოდა თურმე, მისი იუმორი ზოგჯერ სარკაზმად იქცეოდა და საერთოდ აჭიკჭიკდებოდაო. ერთხელაც ავად გამხდარა და მასთან ექიმი მისულა. გასინჯვის შემდეგ ექიმმა ხელის დაბანა მოინდომა, მიადგა ხელსაბანს ცარიელი დაუხვდა, წყალი არ არის. დოქს მოკიდა ხელი, გადმოაპირქვავა, იქიდან ღვინო წამოვიდა, წაავლო თუნგს ხელი, იქაც ღვინო აღმოჩნდა, ჩაიდანს ახადა თავი – ღვინოა. ვა, ეს რა ამბავია, წყალი არა გაქვსო? – შეეკითხა გაკვირვებულმა. აბაშიძემ კი კვნესით უპასუხა: ქაჯან, ღმერთმა ღვინო გააჩინა და გიჟი ვარ წყალი ვიხმაროო და პირაღმა გაწვა.
ალექსანდრე წუწუნავა კი იხსენებს მოსკოვში ფიოდორ შალიაპინთან შეხვედრის ერთ ეპიზოდს, რომელიც დაკავშირებული იყო ვალერიან გუნიასთან. ის გორკის ბინაზე მისულა და ქართველების დანახვა ძლიერ გახარებია. მერე უკითხავს, მსახიობ ვალერიან გუნიას თუ იცნობთო. როგორ არა, უპასუხიათ მათ, – ეგ ხომ ჩვენი თეატრის სიამაყეაო. თქვენ საიდანღა იცნობთო? საიდან და ერთხელ მაგ გუნიამ ტილიპუჭურში ღვინით კინაღამ დაგვახრჩოო, უპასუხნია მაიაკოვსკის. ეს რესტორანი ,,ტილიპუჭურა” განთავსებული ყოფილა თამამშევის ქარვასლაში და მაშინ ალბათ, იგივე იყო, როგორც ჩემს სტუდენტობისას ავლაბარში, დღევანდელ ქეთევან წამებულის, მაშინ შაუმიანის გამზირზე, მდებარე ,,პროჟექტორი”, იაფი და იორღა. აი, რას ყვება იოსებ გრიშაშვილი: ,,ტილიპუჭურა” წარმოდგება სომხური სიტყვიდან ,,თელიპუჭურ” (პატარა ძაფი). ამ ქარვასლაში წინათ მკერავთა მთელი დასტა იყო და ერთმანეთს შორის ძაფის თხოვნით იყვნენ განთქმული: ,,პატარა ძაფი მომეცი~ (თელ პუჭურ). რუსებს ,,თ” არა აქვთ და გამოვიდა ,,ტ” (ტელ _ თელ _ ტილ), აქედან `ტილიპუჭურა~. მამაჩემი იტყოდა: `ვისაც ტილიპუჭურაში პური არ უჭამია, სჩანს, კავკასიაში არ ყოფილაო…
ეს რესტორანი პირველად არტემ ქამალოვს ეკუთვნოდა – აგრძელებს გრიშაშვილი – რესტორანი 1877 წელს გაიხსნა. ზამთარში ქარვასლის ქვემო სართულში იყო, ზაფხულში _ ვერის ბაღში. ძალიან კარგი რესტორანი იყო. ამ რესტორანმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა: ავეტიქა, ქამალოვი, ქეშიშოვი, მაჩკალოვი და სხვები”. 1902 წელს ამ რესტორანში ჩატარდა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, სადაც მთავარი საკითხი კომიტეტის არჩევა და პარტიული კომიტეტის პროგრამის შექმნა იყო. 1907 წლის 13 ივლისს ,,ტილიპუჭურში” საფოსტო ეტლის გაძარცვის წინ იმყოფებოდნენ სოსო ჯუღაშვილის ,,ბაევაია დრუჟინას” წევრების ერთი ნაწილი – კუპრაშვილი, ჭაჭიაშვილი და ჭიაბრიშვილი და ღვინოს სვამდნენ. მაშინ ,,დრუჟინამ” 250 ათასი მანეთი წაიღო…
აი, ასე, დავიწყე მსახიობებით და დავასრულე ჯუღაშვილით – ამ ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ერთმანეთზეა გადანასკვნული…