საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ყაველაშვილის არალეგიტიმურ პრეზიდენტად არჩევა შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს არაფერი არ მომხდარა და მას დაჯგუფება “ქართულმა ოცნებამ” რაღაც სტატუსი გამოუგონა. მისივე თქმით, საქართველოს ისევ ჰყავს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“დღეს, რეალურად საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სახელისუფლებო ცხოვრებაში არაფერი არ მომხდარა. არის ასეთი დაჯგუფება, დაჯგუფებას ეძახის შეერთებული შტატები, როდესაც ჯგუფ “ქართულ ოცნებას” მიმართავს, ამ დაჯგუფებამ ჩაატარა რაღაც რიტუალი, რომლის შედეგადაც კონკრეტულ ადამიანს რაღაც სტატუსი გამოუგონა. სრული წარმატებით შეეძლოთ აბსოლუტურად სხვა სტატუსი გაეკეთებინათ. რეალურად, დღეს, საქართველოს ისევ ჰყავს მე-5 პრეზიდენტი, რადგან არალეგიტიმური პრეზიდენტი, არ არის პრეზიდენტი, შესაბამისად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს არაფერი არ მომხდარა, აბსოლუტურად.
იმაზე ფიქრი, რომ რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ, მოდით ვთქვათ, რეალურად მსოფლიო მათ ეძახის ჯგუფ “ქართულ ოცნებას”, არც პრემიერს არ მიმართავენ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებასაც არ ეძახიან, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი რეკავს არა პრემიერთან, არამედ რეკავს დაჯგუფების ხელმძღვანელთან, რომლის სტატუსიც არ ვიცი რა არის, საველე მეთაური შეიძლება, ასე გვეურთიერთება მთელი სამყარო. მათ რეალობის განცდა საერთოდ არ გააჩნიათ, შესაბამისად ადეკვატურობის კითხვა, რა დროს ნაძვის ხეა? ეს არ არის არანაირად სწორი. მათ უკვე დაადასტურეს, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან, შეიძლება თქვან, რომ დედამიწა მრგვალი არ არის, რეალობიდან გასულები არიან, ასე რომ მათ ნაბიჯებს, მთავარია რომ ძალადობრივი არ იყოს, თორემ მათ ნაბიჯებს, მათ ნაფიქრს და მათ ქმედებას არანაირი აზრი არ აქვს,” – განაცხადა მარგველაშილმა.


































































