23 მარტს, საქართველოს ძირითად ნაწილში, ცა ყვითლად იყო შეფერილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, ეს მოვლენა სამხრეთიდან ჰაერის ცივი, შედარებით ნოტიო მასებიდან წამოსულ ქვიშას უკავშირდებოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერი ქვიშით გაჯერდა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. სპეციალისტები მღვრიე წვიმასაც ვარაუდობდნენ და ასეც მოხდა – გურიაში, მომდევნო დღეებში მკვეთრად ყვითელი შეფერილობის წვიმა წამოვიდა.
ტალახიანმა ნალექმა საქართველოს ზამთრის კურორტებზე თოვლიც ყვითლად შეფერა, რაც კარგად ჩანს ფოტოზე, რომელსაც ამჯერად, გოდერძიდან ავრცელებენ თვითმხილველები.