მართვის მოწმობები, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილამდეა აღებული 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიულ ძალას კარგავს, ხოლო მართვის მოწმობები, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდეა გაცემული იურიდიულ ძალას 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეინაჩუნებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იუწყება.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენ მართვის მოწმობას გასდის ვადა 2018 წლის 1 იანვრისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი მონაცემები გამოითხოვა.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 1 აპრილამდე 117 346 მართვის მოწმობაა გაცემული და 2018 წლის 1 იანვრისთვის ძალა ამდენივეს ეკარგება.
როგორც „გურია ნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მოქმედების ვადის გასვლამდე, ვადის გასვლის შემდეგ კი მძღოლებს ახალი მართვის მოწმობის აღება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ცნობის საფუძველზე შეეძლებათ და გამოცდის ჩაბარება არ დასჭირდებათ.
ამავე თემაზე:
როდის გასდის ვადა 2006 წლის აპრილამდე აღბულ მართვის მოწმობებს