ამ ეტაპზე სოციალურ სამუშაოში 22 000 მოქალაქეა დასაქმებული, 23 000 მოქალაქემ კი გასაუბრების შემდეგ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,_ ამის შესახებ პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
„პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დიდი ინტერესი იყო და დაახლოებით, 60 ათასმა მოქალაქემ მიმართა დასაქმების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს. პირველადი კონსულტაციის შემდეგ დაახლოებით, 22-23 ათასმა მოქალაქემ უარი განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე. მოქალაქეების ნაწილმა, 4200-მა პირმა აირჩია არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება, ხოლო 22 ათასი მოქალაქე დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებში. 22 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით, 21 ათასი არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი ვაკანსიები. ძირითადი აქტივობები არის სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, გაახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, 45 სოციალურად დაუცველი აქტიურად იყო ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში და არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტების დონეზე საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ და მათი მხარდაჭერით“, – განაცხადა ბარკალაიამ.