გავრცელებული მოსაზრებით მიჩნეულია, რომ სიყვარული დაახლოებით ერთ-ნახევარი ორი წელი ცოცხლობს წყვილებს შორის, ვნება – სამიდან ოთხ წლამდე, მეგობრობა – 7-8 წელი, ხოლო ენერგეტიკული კავშირი ზოგადად შეყვარებულ ადამიანებს შორის, დაშორების შემთხვევაშიც ნარჩუნდება 7 წლის მანძილზე.
ასტროლოგიური კუთხით, სასიყვარულო რომანები ძირითადად რამდენიმე ასპექტის აქტივაციისას იწყება. ერთ შემთხვევაში ეს არის იუპიტერი-ვენერას დადებითი ასპექტები (ერთი პარტნიორის ვენერა მეორე პარტნიორის იუპიტერს უერთდება, ტრინს აკეთებს ან სექსტილს ქმნის მასთან). ხოლო მეორე შემთხვევაში მარსი-ვენერას ჰარმონიული კავშირი განაპირობებს მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში.
ზემოთ ხსენებული პერიოდები ყოველ ორ-ოთხ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ წყვილები მარსი-ვენერას და იუპიტერი-ვენერას მორიგი პოზიტიური ტრანზიტისას, განსაკუთრებულ ჰარმონიას გრძნობენ ერთმანეთის გარემოცვაში და ეძლევათ შანსი კიდევ ერთხელ განიცადონ მორიგი თაფლობის თვე მეორე ნახევართან.
სელენა ანუ თეთრი მთვარე წყვილს შორის გულწრფელობის მოთხოვნილებას აძლიერებს, მისი ასპექტები დაახლოებით შვიდ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ ამგვარ პერიოდში მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება იმატებს და აქამდე ტაბუდადებულ საკითხებში გარკვევა მარტივი ხდება. სელენას გავლენით ძველი წყენების გადახარშვაც არის შესაძლებელი, თუკი წყვილი მის პრინციპებს “აპატიო-დაივიწყო” მიჰყვება.
ლილიტი იგივე შავი მთვარე კი პირიქით, ადამიანებში მათი ჩრდილოვანი მხარის წინ წამოწევას უწყობს ხელს. ამიტომ ლილიტის ციკლის დადგომისას, რომელიც ყოველ 9 წელიწადში ერთხელ ხდება, მეუღლეებს შორის ერთმანეთის ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების პერიოდი დგება. აქედან გამომდინარე, სასურველია, ლილიტის ციკლისას გაცილებით უფრო მეტი ლოიალურობით მოეკიდოს ცოლ-ქმარი ერთმანეთის ხასიათში აღმოჩენილ ან გაძლიერებულ ნაკლოვანებებს.